„იყო ჩავარდნები, თუმცა ჯამურად 2024 წლის მაჩვენებლებზე გადის“- დეველოპერულ კომპანია „არსიში“ აცხადებენ, რომ 2025 წელს პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე ფასი თითქმის არ გაზრდილა, გაყიდვები კი 2024 წლის ტრენდს იმეორებს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბაზრის მთავარი სიახლე შიდა განვადებების ზრდას უკავშირდება.
„მოლოდინები ყოველთვის პესიმისტური გვაქვს ხოლმე იმის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. მიმდინარე წელსაც ასე მოხდა. წლევანდელი წელი ძალიან ჰგავს გასულ წელს, იყო ჩავარდნები, წელსაც იყო მსგავსი თვეები, თუმცა შეჯამებულად რომ შევხედოთ, თითქმის იდენტურ მაჩვენებლებზე გადის ბაზარი, სადაც 2024-ში იყო. ფასების ნაწილში დიდი ზრდა არ გვქონია, შევინარჩუნეთ ის როგორც თვითღირებულების, ისე გასაყიდ ნაწილში.
ბაზრისთვის მთავარი სიახლე იყო გრძელვადიან განვადებები, რაც დაასტიმულირა იმან რომ ბანკების მხრიდან გარკვეულწილად შეიზღუდა იპოთეკური სესხები. შიდა განვადებების ფონზე შენარჩუნდა ის ტრანზაქციები, რაც გვაქვს სახეზე,“ - განაცხადა ორთოიძემ.




























