დედოფლისწყაროში მდებარე, ნედლი რძის მწარმოებელი საწარმოს „ელიის კალთა“ დამფუძნებელი, ზურა მასურაშვილი რძის სექტორში არსებულ გამოწვევებზე BM.GE-სთან საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე ჭარბი რაოდენობით იმპორტირებული რძის ფხვნილები და პასტები შემოდის, რაც ნედლ რძეზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს და ბალანსს არღვევს.
„მოთხოვნა, წესით გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღესდღეობით არის. საქართველოს რძის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანები ვართ, რადგან საქართველოში ჭარბი რაოდენობით იმპორტირებული რძის ფხვნილი და პასტა შემოდის, რაც სექტორში დისბალანსს იწვევს.
ნედლი რძის ბაზარი შესწავლილია და სტატისტიკურად, ინტენსიური მეურნეობები მოთხოვნის მაქსიმუმ 25-30%-ს აკმაყოფილებს. დანარჩენი რაოდენობა რძის პასტითა და ფხვნილით, იმპორტირებული მკვდარი საშუალებებითაა ათვისებული. ბალანსის კონტროლი, რომ რძის პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას, არ ხდება, შესაბამისად, ნედლი რძის მწარმოებლები ვიჩაგრებით“, - განმარტავს მასურაშვილი.
მწარმოებელი აცხადებს, რომ ბაზარი ჯანსაღ პროდუქტებს ყურადღებას არ აქცევს და ურჩევნიათ, რომ იყიდონ იაფი და ბევრი, ვიდრე ხარისხიანი და ცოტა.
„საქართველოში ცნობადობა და კულტურა არ არსებობს. მაგალითად, დეზერტირების ბაზარზე როდესაც მივდივართ და ტროტუარზე, ცელოფანზე გაშლილი ვითომ „ბებოს ყველი“ იყიდება, რომელსაც მოსახლეობა ყიდულობს. სინამდვილეში, შეიძლება სადღაც სარდაფში მომზადებული ყველი იყოს, ეს უკვე მოსახლეობის პრობლემაა, ვინც ამას ყიდულობს. არ ხდება ბაზრების ისეთი კონტროლი, რომ არა ეტიკეტირებული პროდუქტი არ გაყიდოს“,- ამბობს ზურა მასურაშვილი.