მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე არალეგალური წიგნების წილი დიდია, რაც დიდი დარტყმაა გამომცემლებისთვის, ავტორებისა და ბიუჯეტისთვის - გამომცემელი

ზვიად კვარაცხელია

ბაზარზე არალეგალური წიგნების წილი დიდია და ეს დიდი დარტყმაა გამომცემლებისთვის, ავტორებისთვის და ბიუჯეტისთვის, - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში, გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას “არტანუჯისა” და “ინტელექტის” მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ განაცხადა.

„პრობლემურია კონტრაფაქციული, მეკობრული წიგნები, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც სკოლას, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარს, რადგანაც კანონმდებლობა არ არსებობს. კანონმდებლობა იმდენად მეკობრეთა მხარდამჭერია და იმდენად ძნელია კონტრაფაქციულ წიგნებზე დამნაშავის გამოვლენა და მისი დასჯა, რომ მთელი ეს პროცესი ძალიან დამთრგუნველია სასამართლოში. ჯარიმა მინიმალურია. პროცესები სასამართლომდე მიდის, თუმცა პროცესები იმდენად ხანგრძლივი და დამთრგუნველია, რომ არიდებენ თავს, რომ გააგრძელონ დავა, არადა ეს ყველაფერი სახელმწიფოს აკლდება, რადგან კონტრაფაქციული წიგნების გამომცემელი ბიუჯეტში ერთ თეთრს არ იხდის, მაშინ, როცა გამომცემლობებს და ავტორებს არაერთი გადასახადი შეაქვთ ბიუჯეტში. ჩვენ ბევრჯერ მოვითხოვეთ კანონის გამკაცრება, არაერთხელ მიმართა წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოებამ პარლამენტს, თუმცა არ გამოიხატა ნება, რაც საკანონმდებლო ბაზაში აისახება და ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პროცესი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა ზვიად კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა, რისი ინიციატივაც უკვე არსებობს და საგამომცემლო სფეროში ამასთან დაკავშირებით სრული თანხმობაა.

„საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა, ინიციატივაც არსებობს და თანხმობა საგამომცემლო სფეროში, რომ ეს არის დიდი დარტყმა გამომცემლობებისთვისაც, ავტორებისთვისაც, რომლებიც კარგავენ ჰონორარებს. მგონია, რომ მომავალ წლებში ამ მხრივ აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან ძალიან ბევრი წიგნი გამოდის, და სულ უფრო მეტი წიგნი ხდება არალეგალური ბაზრის მსხვერპლი.

ვიზუალურადაც კი შესამჩნევია განსხვავება კუსტარულად წარმოებულ და ორიგინალ წიგნს შორის. პოპულისტურია მათი არგუმენტები, თითქოს წიგნი ასე უფრო იაფია. მაგრამ ფასში დიდი სხვაობა არ არის, თუმცა ირღვევა საავტორო უფლებები, სახელმწიფო დღემდე ჩვენი არაერთი რჩევისა და არგუმენტის მიუხედავად, რომ ბიუჯეტს მილიონობით ლარი აკლდება, პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები