მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე არსებული სავალუტო რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტები საკმაოდ ძვირია - CBS ჯგუფი

ლარი დოლარი

ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი საფინანსო ბაზარზე სავალუტო რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტების გამოყენების სირთულეზე საუბრობს.

კერძო სექტორი აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული სავალუტო რისკის დაზღვევის პროდუქტები საკმაოდ ძვირია, რის გამოც მათზე მოთხოვნა დაბალია.

როგორც BMG-ის „სელფი მობაილის“ მფლობელი ჰოლდინგის, CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ განუცხადა, აღნიშნული პროდუქტების სიძვირის გამო ბიზნესი სავალუტო რისკების შემცირების ალტერნატიულ გზებს ეძებს ხოლმე.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შედარებით სტაბილური სავალუტო გარემო გვაქვს, კომპანიებისთვის, მათ შორის იმპორტიორებისთვის სავალუტო რისკები მაინც მნიშვნელოვანია. როგორც ტექნოლოგიური კომპანია საკმაოდ მსხვილ შესყიდვებს ვაკეთებთ ხოლმე, რომელიც არაერთი მილიონი ლარის ღირებულებისაა, გამოხატული შესაბამის ვალუტაში. აქედან გამომდინარე, სავალუტო რისკის ჰეჯირება ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, დღესვე გათვალოს სამომავლოდ გადასახდელი ხარჯები.

თუმცა დღეს ბაზარზე არსებული ჰეჯირების ინსტრუმენტები, როგორიცაა სვოპები, ოფციონები საკმაოდ ძვირადღირებულია, რის გამოც ბიზნესს, მათ შორის ჩვენც გვიწევს ალტერნატივების ძებნა. ჩვენი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში იყო და ამ რისკების შესამცირებლად ლარში დენომინირებული ბონდები გამოვუშვით, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი საპენსიო სააგენტო იყო. იმედი გვაქვს, რომ საფინანსო ბაზრის განვითარებასთან ერთად მომავალში ჰეჯირების ინსტრუმენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესისთვის, რაც სავალუტო რისკების დაზღვევას გაამარტივებს“, - განაცხადა თამარ გახარიამ.

ცნობისთვის, სავალუტო რისკების ჰეჯირებისთვის საფინანსო ბაზარზე დღეს რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს. მათ შორის, სავალუტო ფორვარდი, სვოპი და ოფციონი, რომელთა საშუალებითაც კომპანიებს შეუძლიათ კონკრეტული ვალუტა წინასწარ შეთანხმებული კურსით იყიდონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები