მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე დიდი კომერციული ფართების მწვავე დეფიციტია - თორნიკე გურული

გორგია

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აქტიურ გაფართოებას განაგრძობს, თუმცა კომპანია შესაბამისი მასშტაბის კომერციული ფართების დეფიციტს აწყდება. როგორც „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გურული BMG-სთან განმარტავს, ბაზრის დღევანდელი შემოთავაზებები ვერ აკმაყოფილებს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებს, რაც დიდი სავაჭრო ობიექტის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

მისი თქმით, კომპანია მუდმივად ეძებს ახალ ლოკაციებს, თუმცა მთავარი გამოწვევა შესაბამისი ფართობები და მათი განლაგებაა. ჰიპერმარკეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ობიექტი ერთ სართულზე იყოს განთავსებული, რაც საქართველოში იშვიათობას წარმოადგენს.

„ჩვენ გვჭირდება დიდი კომერციული ფართები, რომელიც 2000 კვადრატული მეტრიდან იწყება. დღეს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, ერთ სართულზე განთავსებული 2000 კვადრატული მეტრიანი და უფრო დიდი ფართები ფიზიკურად არ არსებობს. თუ ასეთი ტიპის ფართები არის, ისინი, როგორც წესი, რამდენიმე სართულზეა გადანაწილებული, რაც ვაჭრობისთვის არ არის ხელსაყრელი“, - აცხადებს თორნიკე გურული BMG-სთან.

მისივე თქმით, ბაზარზე ძირითადად მცირე ზომის ფართები შენდება - 150-დან 500 კვადრატულ მეტრამდე, რაც „გორგიას“ მასშტაბის კომპანიისთვის საკმარისი არ არის. არსებული დეფიციტის გამო, კომპანიას უწევს ალტერნატიული გზების ძიება და ხშირ შემთხვევაში, ფართების დამოუკიდებლად განვითარება.

პრობლემის გადასაჭრელად „გორგიამ“ სტრატეგია შეცვალა - მზა ფართების ძებნის ნაცვლად, კომპანია თავად ავითარებს შესაბამის სივრცეებს, განსაკუთრებით, რეგიონებში.

„ჩვენ ვცდილობთ, რეგიონების მასშტაბით ვიპოვოთ ისეთი ადგილები, რომლებსაც თავად განვავითარებთ. მაგალითად, თელავში სრულიად ცარიელი ადგილიდან შევქმენით სივრცე. იმავეს ვაკეთებთ ხაშურში, გორში. იქ, სადაც ფიზიკურად შეიძლება ცარიელი მიწის ნაკვეთის მოძიება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ან დამოუკიდებლად ვაშენებთ ცალკე მდგომ შენობებს. ამით ვცდილობთ გადავჭრათ პრობლემა, რადგან ბაზარი მსგავსი მოცულობის ერთსართულიან კომერციულ ფართებს არ გვთავაზობს“, - განმარტავს „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან, თორნიკე გურული აღნიშნავს, რომ ვინაიდან შესაბამისი ტიპის ობიექტები ბაზარზე თითქმის არ მოიპოვება, ფასებზე მსჯელობაც რთულია. თუმცა, კომპანიას აქვს აპრობირებული თანამშრომლობის მოდელი, რომელიც მესაკუთრეებთან რისკებისა და მოგების გაზიარებას გულისხმობს.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტიპის ბიზნეს-მოდელი. ერთ-ერთი მათგანია პარტნიორული თანამშრომლობა ფართების მფლობელებთან. ისინი ხდებიან ჩვენი ბრუნვის მონაწილეები და იღებენ თანხას პროცენტული წილის სახით. ეს არის ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მოდელი“, - განმარტავს თორნიკე გურული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები