მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე "Handy"-ის ხის სათვალეები გამოჩნდა

5e68eed9c4412
ნუცა ბაზლიძე
12.03.20 09:00
1196
ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი „Handy“, რომელიც მე-4 წელია ფუნქციონირებს, დაახლოებით, 1 თვეა, რაც მომხმარებლებს სათვალეებსაც სთავაზობს. ამის შესახებ BM.GE-ის „Handy“-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ გიგაიამ განუცხადა.

„Handy“-ის კოლექციაში მაჯის საათების 25-მდე მოდელია წარმოდგენილი; რაც შეეხება სათვალეებს, ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე სათვალეების 2 მოდელს გულისხმობს და ამ მხრივ შეთავაზების გამრავალფეროვნება იგეგმება.
გარდა ამისა, დაახლოებით, 3 თვის წინ, „Handy“-ის პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც კოტე აფხაზის (ლესელიძის) 8 ნომერში მდებარეობს. სამომავლოდ კი, მომდევნო ფილიალის გახსნა ბათუმში მოიაზრება. პარალელურად, შეკვეთა ონლაინაც არის შესაძლებელი.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ გიგაიასთან საუბრისას გავარკვიეთ, პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა კორონავირუსის ფონმა გავლენა მათზეც იქონია.

როგორც „Handy“-ის თანადამფუძნებელი განმარტავს, მათი მომხმარებლები არიან უცხოელებიც, რომლებიც შეკვეთებს ფოსტით იღებენ და ტურისტები, რომლებიც ასევე აქტიურად ინტერესდებიან აქსესუარებით. მიმდინარე მოვლენებმა კი, აღნიშნული პროცესს გარკვეულწილად ხელი შეუშალა.

BM.GE “Handy“-ის თანადამფუძნებელს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ესაუბრა.

„სამომავლოდ, გვსურს, მეტი დანადგარი შევიძინოთ და წარმოება გავზარდოთ. განიხილება სიახლეები ექსპორტის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნავს ნიკოლოზ გიგაია.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, საათები 120-250 ლარის ფარგლებშია წარმოდგენილი, ხოლო სათვალეების მინიმალური ფასი 150 ლარია, მოდელების დამატების შემდეგ კი, მაქსიმალურ ღირებულებად 300 ლარია გათვალისწინებული.

როგორც ნიკოლოზ გიგაია ამბობს, საწყის ეტაპზე ინვესტიცია დამფუძნებელთა პირადი სახსრებით, 300 ლარის ოდენობით განხორციელდა.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგნეტო“ დაგვეხმარა იდეის განხორციელებაში, შემდეგ კი "თბილისი მოლში" გვქონდა პირველი გამოფენა და თავდაპირველად, აქედან გაგვიცნო ხალხმა“, - აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის: „Handy“-ის სულ 2 დამფუძნებელი ჰყავს, პროცესში კი, ჯამში 6 ადამიანია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები