მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ჯემების ახალი მწარმოებელი გამოჩნდა

63ff58d510208
თინათინ ნატმელაძე
06.03.23 00:00
1515
მოცვის მწარმოებელმა კომპანია “Momaberry“-მ ახლახან სხვადასხვა ხილის ჯემების წარმოებაც დაიწყო, - ამის შესახებ კოპანიის დამფუძნებელმა შალვა გიორგაძემ BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

„ჯემების წარმოება ჩვენთვის ახალია, პროდუქციას სამეგერელოში არსებულ საწარმოში ვქმნით, სეზონიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მოცვისა და ლიმონის ჯემები გვაქვს, რამდენიმე დღეში კი რითეილ ქსელებშიც გამოვჩნდებით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულებული გვაქვს „ევროპროდუქტთან“, სხვა ქსელურ მარკეტებთან კი ჯერ კიდევ ვაგრძელებთ.

ამჟამად თვიური წარმადობა 10 000-20 000 ქილაა, თუმცა საწარმოს მაქსიმალური წარმადობა თვეში 100 000 ქილა ჯემია, შესაბამისად მოთხოვნის ზრდასთან ერთად რაოდენობასაც გავზრდით.“ - განაცხადა შალვა გიორგაძემ.

მისივე ცნობით, ქსელურ მარკეტებში პროდუქტის განთავსებას თან გარკვეული დაბრკოლებებიც ახლავს, რაც თაროზე განთავსების მაღალ გადასახადს, რეტრო ბონუსების დაჯამებასა და თავად ქსელისგან დამატებულ პროცენტს გულისხმობს, რომლის შედეგადაც პროდუქტის თვითღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება.

კომპანიის წარმომადგენელი გვიყვება, რომ ადგილობრივ ბაზართან ერთად აქტიურად მუშაობენ პროდუქციის ექსპორტზე გატანის საკითხზეც. ნიმუშები რუსეთში უკვე გაგზავნილია.

„ახლახანს ვიმყოფებოდით Gulfood-ის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ჩვენი ჯემებიც გვქონდა წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა გალფის და ევროპის ქვეყნებიდან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე, ამ შემთხვევაში რუსეთზე, არ ვიყოთ დამოკიდებული, რადგან ეს ბაზარი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკმაოდ არასტაბილურია.

მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ ინდოეთის, ირანის, საუდის არაბეთის, კატარისა და უნგრეთის კომპანიებთან და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ.“ - განმარტავს „Mamoberry“-ს დამფუძნებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან 1.215 მილიონი დოლარის ღირებულების 809 ტონა მურაბებისა და ჯემების ექსპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში პროდუქციის საექსპორტო ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 23%-ით გაიზარდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. 2022 წელს რუსეთში 928 000 დოლარის ღირებულების მურაბები და ჯემები გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 76%-ს შეადგენს. 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 48%-ით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯემის წარმოების პროცესში 7 ადამიანს ასაქმებს და როგორც შალვა გიორგაძე ამბობს, წარმადობის ზრდასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები