მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე კომერციული სავაჭრო ფართების მწვავე დეფიციტია - Sakura Properties

ვიქტორია საკუროვა

თბილისის კომერციული, გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრი დეფიციტისა და ფასების ზრდის პირობებში იმყოფება. როგორც BMG-სთან Sakura Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა აცხადებს, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება მას ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებს.

მისი თქმით, სავაჭრო მიმართულებით ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისის მთავარ არტერიებზე - ჭავჭავაძის, რუსთაველის, პეკინის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე მოდის. ამ ლოკაციებზე თავისუფალი ფართის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„დღეს ძირითად ქუჩებზე თუ დავინახავთ, რომ ახალი ობიექტი გაიხსნა, ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ჩანაცვლების ხარჯზე, სადაც ახალი პოტენციური მოიჯარე მფლობელს სთავაზობს უფრო მაღალ იჯარას და მხოლოდ ამის ხარჯზე შედის და ხსნის ახალ ფილიალს. ეს ცალსახად იწვევს სავაჭრო ფართების მიმართულებით ფასების ზრდას“, - ამბობს საკუროვა BMG-სთან.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალურ ქუჩებზე სავაჭრო ფართების იჯარის ღირებულება კვადრატულ მეტრზე 30 დოლარიდან იწყება, ხოლო გარეუბნებში, გზისპირა ზოლში, ფასი 15 დოლარიდან ზევით მერყეობს.

განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი დიდი სავაჭრო ქსელებისთვის, რომლებსაც 2500-3000 კვ.მ. ფართობი სჭირდებათ. საკუროვას თქმით, ცენტრალურ უბნებში ასეთი მოცულობის ფართი ფიზიკურად აღარ არსებობს.

„დღეს კომერციული მიმართულებით ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის სავაჭრო ფართებში. თუ ვინმემ ააშენა კორპუსი და აქვს 2000 კვადრატი თავისუფალი უკვე ერთი-ორი წელია, ეს ნიშნავს, რომ ის ან შიდა ეზოშია, ან მეორეხარისხოვან ქუჩაზე. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება მას ვერ აკმაყოფილებს. ფიზიკურად ჭავჭავაძეს, პეკინსა და ვაჟას ვერ გავწელავთ.

კომპანიებმა უნდა დაინახონ ის, რომ ქალაქი იზრდება და ახალ არეალებში უნდა გადაწყვიტონ ფილიალების გახსნა. ათი წლის წინ დიდ დიღომშიც არ იყო სავაჭრო მიმართულება განვითარებული, დღეს კი იქ ყველა ქსელი და კომპანიაა წარმოდგენილი. ასე უნდა შეხედონ ყველა სხვა უბანს, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას. როცა ყველას მხოლოდ ცენტრალურ გზაზე უნდა გახსნა, იქ იჯარის ფასები კოლოსალურად იზრდება“,- აღნიშნავს ვიქტორია საკუროვა.

რაც შეეხება საოფისე უძრავ ქონებას, აქ ტენდენციები ოდნავ განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა სტაბილურია, მომხმარებელთა მოთხოვნები უფრო სპეციფიკური გახდა. ბაზარზე შემოსული საერთაშორისო კომპანიები და მზარდი ქართული ბიზნესები უპირატესობას თანამედროვე, პრემიალურ ბიზნესცენტრებს ანიჭებენ.

„მომხმარებლის მოთხოვნა დღეს უკვე არის უფრო პრემიალურ ოფისებზე, ბიზნესცენტრებში, რაც ნაკლებია და რთულად მოსაძებნია. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ან თანამშრომელი კარგ, ლამაზ გარემოში შევიდეს, რაც კომპანიის იმიჯზე აისახება. თბილისში ასეთი პრემიალური მიწოდება ძალიან ცოტაა. ზოგიერთი ფართი თავისუფალია მხოლოდ იმიტომ, რომ ფასი ალოგიკურად მაღალია, ხოლო რასაც ლოგიკური საიჯარო ფასი აქვს, ის დაკავებულია“ - ამბობს ვიქტორია საკუროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები