მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე მალე "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები გამოჩნდება

5e25d2181e3ab
მარიამ ადამია
20.01.20 23:40
6805
სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება. უკვე “კარგად დავიწყებული” რეცეპტებით ძეხვეულის წარმოება კომპანია Native Georgian-მა დაიწყო. მისმა ხელმძღვანელმა ვასილ ბაბლუანმა კი, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩატარდა კვლევები და მუშაობა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან, ასევე ესპანეთის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან, იმისათვის, რომ ქართული ჯიშის ტყეში გაზრდილი ღორი, მაღალი ხარისხის პროდუქტად აქციონ.

„საქართველოში ეს ჯიში გადაშენების პირას არის მისული. მთელ საქართველოში ჯამში, სულ რვა სული ქართული ჯიშის ავთენტური ღორი ვნახეთ, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ეს არის ძალიან დიდი ქართული საქმე და ჭეშმარიტად ქართული პროექტი. ხოლო როცა მივხვდით, რომ ძალიან სერიოზულ პროდუქტთან გვქონდა საქმე, მივმართეთ სახელმწიფოს და გავაფორმეთ მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რადგანაც გავითარებულ ქვეყნებში, ასეთი ტიპის ინვესტიციებს სახელმწიფოები აკეთებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ შევთავაზეთ სახელმწიფოს. ფინანსურად ჩაერთო საპარტნიორო ფონდი და დიდი სამუშაო გასწიეს, რომ რაჭაში, ონის რაიონში სოფელ ღარში, 5 ჰექტარზე დიდი კომპლექსი აშენებულიყო,“ - განაცხადა კომპანია Native Georgian-ის ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის, კომპლექსი დასრულებულია და შეყვანილია ღორები, რაც დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გულისხმობს. ბაბლუანის თქმით, ეს არის ქართული პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

„ტყეში რკოზე ნასუქ, ქართული ღორის ხორცს, ძალიან ბევრი ელოდება მსოფლიოს ბაზარზე და ამიტომ ეს პროექტი არ უნდა აღვიქვათ, როგორც
ჩვეულებრივი ღორის ფერმა. ეს არის ქართული ჯიშის აღდგენა და პოპულარიზაცია,“ - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

ინფორმაციისთვის, უკვე შეიქმნა სპეციალური ფერმა. დაპროექტებაში მეცნიერები იყვნენ ჩართულები, ეს არის სანაშენე ფერმა, სადაც ქართული ჯიშების სამეცნიერო სამუშაოები ტარდება და პარალელურად სოციალური დატვირთვაც აქვს, მასში პარალელურად ჩაერთვებიან პარტნიორი ფერმერები მაღალმთიანი სოფლებიდან, სადაც ტრადიციულად არსებობდა ღორის მოშენება და ბუნებრივი ნობათი რკო, წაბლი ძალიან დიდი რაოდენობის, რომელიც დღეს იყრება და იკარგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები