პირველი ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია პლანშეტის შექმნაზე მუშაობს. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ რუსთავში მდებარე ქარხნის AG Telekom-ის ხელმძღვანელმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა, პროექტზე მუშაობა ინჟინრებმა უკვე დაიწყეს. მიხეილ ღლონტის თქმით, ანდროიდის სისტემა პირველ ეტაპზე კომპანიის მიერ გამოშვებულ ტელევიზორებში დაინერგება, სამომავლოდ კი პლანშეტებზეც იმუშავებს.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ანდროიდის სისტემა 32 იანჩზე მეტი დიამეტრის მქონე ტელევიზორებში ჩაიწერება.
რაც შეეხება ქართული მობილურის წარმოებას, კომპანიამ ამ ეტაპზე მობილური ტელეფონის შექმნაზე უარი თქვა. მიზეზი პროექტის სიძვირეა.
„ტელევიზორისთვის პლატის გასატესტი 560 დოლარი ღირს და მობილურისთვის 126 ათასი ევრო, ამიტომ ჯერჯერობით თავი შევიკავეთ ტელეფონის პროექტზე. პლანშეტი არ ჯდება ძვირი. გაცილებით მარტივია პლანშეტის გამოშვება, ვიდრე მობოლურის“,- აღნიშნავს მიხეილ ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ AG Telekom ქართული ტელევიზორი ზაფხულში გამოუშვა.

























