მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ქართული არტიზანული სუნამო - KAVEULI PARFUM გამოჩნდა

60252d5cbdf7a
ნუცა ბაზლიძე
12.02.21 00:11
2673
ქართულ ბაზარზე არტიზანული სუნამო KAVEULI PARFUM გამოჩნდა. ბრენდ KAVEULI-ს დამფუძნებელი თამარა ქაფიანიძეა. ბიზნესთან დაკავშირებით მან გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში ისაუბრა. 

„სუნამოს წარმოება არაა მარტივი პროცესი და ის დროში გაიწელა. ძალიან საინტერესო იტალიელ პარფიუმერთან მასტერკლასი გავიარე და ეს დამთავრდა KAVEULI-ს სუნამოს ჩამოსხმით. ეს არის ჩვენი ერთობლივი პროდუქტი“ - აღნიშნავს თამარა ქაფიანიძე. 

მისი განმარტებით, სუნამო იტალიაში ჩამოისხა. ამ ეტაპზე, დამზადებულია 100 ბოქსი, რაც 30 მილიგრამ სუნამოს და მასთან ერთად სამკაულს მოიცავს. ასევე ცალკე იქნება წარმოდგენილი სუნამოს 60 მილიგრამიანი კატეგორიაც. 

„მინდოდა შექმნილიყო რაღაც ისეთი, რაც მოგვცემდა საშუალებას, ეს არომატი სულ თან გვეტარებინა. ეს სამკაული იძლევა იმის საშუალებას, რომ 30 მგ-იანი ბოთლიდან ადამიანმა სუნამო გულსაკიდში გადაიტანოს და თან ატაროს“, - განმარტავს თამარა ქაფიანიძე. 

ამასთან, მისივე განმარტებით, KAVEULI-ს სუნამოს ძირითადი ინგრედიენტები გულისხმობს უნიკალური ჯიშის წიწვოვან ნოტებს - ერთ-ერთი მთავარი ნოტი არის კავკასიური სოჭი, ასევე, წარმოდგენილია ციტრუსოვანი ბგერები და წიწაკა. თამარა ქაფიანიძის განმარტებით, გარდა ამისა, ბაზას წარმოადგენს ვეტივერია. 

„სუნამოს მოაქვს წიწვოვან ტყეში შებიჯების ძალიან მძაფრი შეგრძნება. ყოველთვის მინდოდა, რომ ბუნებრივი შეგრძნებით მიღებული არომატები სუნამოში გადამეყვანა. ერთ-ერთი იყო წიწვოვანი ტყე და ნაძვის კევი, რომლებიც ამ სუნამოს ძირითადი მახასიათებლებია. ასევე, ის არის უნისექსი და კლასიფიცირდება ცივ არომატად“, - დასძენს თამარა ქაფიანიძე. 

ცნობისთვის, მისი განმარტებით, სუნამო დაახლოებით ერთი თვეა, რაც იყიდება. მისმა დამფუძნებელმა გადაცემაში აღნიშნა, რომ KAVEULI PARFUM ხვდება concept store IERI-ში, ასევე მაღაზია Sauvage-ში და გამოჩნდება „არომატეკაშიც“.

„გვაქვს გარკვეული გამოხმაურებები ისრაელიდან, იტალიიდან და რუსეთიდან. შესაბამისად, სავარაუდოდ, პროდუქტი საქართველოს გარეთაც გაიყიდება“ - დასძენს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები