მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების მიხედვით შექმნილი სამკაულები გამოჩნდა

5d6bd51d13016
სალომე ჭიპაშვილი
01.09.19 21:00
5268
ბაზარზე მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების მიხედვით შექმნილი სამკაულები გამოჩნდა. რუსუდან ფეტვიაშვილმა სპეციალურად ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდ „ალამბრასთვის“ ხუთი ნახატი, ქალისა და მამაკაცის პორტრეტები შექმნა, რომელიც შემდგომ ბრენდმა მინანქარში გააცოცხლა.

„თანამედროვე ხელოვანთან, მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან თანამშრომლობაზე საუბარი ერთი წლის წინ დავიწყეთ. „ალამბრამ“ სრულიად შეინარჩუნა რუსუდან ფეტვიაშვილის განუმეორებელი სტილი – ულამაზესი პროფილები, სახის ნაკვთები, ფერთა გამა, დახვეწილი, ერთი ხელის მოსმით დადებული კონტურები და უკვე 2 თვეა მისი ნახატების მიხედვით სამკაულებს ვქმნით“- აღნიშნავს BM.GE-სთან საუბარში „ალამბრას“ დამფუძნებელი, ირინა ჯორჯაძე.

ფეტვიაშვილის ნამუშევრებით შესრულებული სამაჯურების შეძენა შესაძლებელია, როგორც „ალამბრას“ მაღაზიაში, აგრეთვე მომხმარებლებს შეუძლიათ მიტანის სერვისითაც ისარგებლონ. რაც შეეხება სამკაულების ფასებს, ვერცხლის ნაკეთობა ქართული ტრადიციული მინანქრით 180 ლარი ღირს, ხოლო მოოქროვილი - 195 ლარი. იგივე მყარ ვერცხლის სამაჯურზე ფასი 250 ლარია, ხოლო მოოქროვილი-270 ლარი ღირს.

ირინა ჯორჯაძემ BM.GE-სთან საუბარში ბრენდის სამომავლო გეგმებიც დააანონსა: „ერთ ადგილზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. კოლაბორაცია ნამდვილად არის ის მიმართულება, რომელიც ძალიან გვაინტერესებს, ამიტომ გვინდა შანსი მივცეთ დამწყებ მხატვრებსაც და ვეთანამშრომლოთ მათ.“

„ალამბრა“ მინანქრისაგან დამზადებული ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2016 წლის ივლისში გამოჩნდა. „ალამბრა“ აწარმოებს ვერცხლისა და მოოქროვილი ვერცხლის ხელნაკეთ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს და ამ ყველაფერს თანამედროვე სახეს სძენს.