სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებისთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ამოქმედდა. 2025 წლის 1 იანვრიდან კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ კანონი შევიდა ძალაში, რომელიც თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებს, სადაზღვევო კომპანიებს და აქტივების მმართველებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისთვის შექმნან საპენსიო პროდუქტი.
მესამე სვეტის საპენსიო სქემა ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებით საპენსიო სქემებში ნებაყოფლობით მონაწილეობა შეუძლიათ, რა შემთხვევაშიც მათზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კერძოდ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, 6 ათას ლარამდე წლის განმავლობაში საპენსიო შენატანი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.
ე. წ მესამე სვეტის საპენსიო სქემები ბაზარზე აქამდეც არსებობდა და დღემდე აქვს სადაზღვევო კომპანიებს “ალდაგს” და “ჯიპიაი ჰოლდინგს”, ასევე საკუთარი დასაქმებულებისთვის წლების წინ შექმნა სააქციო საზოგადოება “საქაერონავიგაციამ”, თუმცა ამ სქემებს მხოლოდ 15 721 მონაწილე ჰყავს.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ არსებული სქემების მფლობელებს წლის ბოლომდე აქვთ ვადა იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბაზარზე ახალი ფინანსური ელემენტებიც გაჩნდეს, საპენსიო კომპანიების სახით.
„ვინ შეიძლება იყოს საპენსიო კომპანია? ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება, ეს შეიძლება იყოს დასაქმებულთა გაერთიანება და შეიძლება იყოს პროფკავშირი ანუ პროფესიული კავშირი. ეს არის 4 სუბიექტი, რომელმაც შეიძლება შექმნას საპენსიო კომპანია.
საპენსიო კომპანია უნდა მოვიდეს ჩვენთან, აიღოს ლიცენზია, დაარეგისტრიროს სქემა და მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები აქვს ამ კომპანიებს“, - აცხადებს bm.ge-სთან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ეკატერინე წერეთელი.
“მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ, როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის” ანუ კერძო დაგროვებით პენსიას.
ე.წ მესამე სვეტის პენსია სრულიად დამოუკიდებელი საპენსიო პროდუქტია მეორე სვეტის პენსიისგან, შესაბამისად მასში ჩართვა სავალდებულო საპენსიო სქემაში ჩართულობაზე გავლენას არ ახდენს. სხვაობა ნებაყოფლობითი დაგროვებისგან არის ის, რომ ნებაყოფლობითი საპენსიო სქემიდან შეგიძლიათ გამოვიდეთ ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევამდე.




























