სანიტარული სისტემების გლობალურმა ლიდერმა, შვეიცარიულმა კომპანია Geberit-მა, რომლის ფილოსოფია "Mastering Water" (წყლის მართვის ხელოვნება) ეფუძნება, თბილისში მასშტაბურ ორდღიან ღონისძიებას უმასპინძლა.
შეხვედრებზე ქართველი არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, სანტექნიკის პროფესიონალებისა და დეველოპერებისთვის ტექნოლოგიური სიახლეები და მდგრადი გადაწყვეტილებები იქნა წარდგენილი.
გასული წლის თებერვლიდან ბრენდმა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა დააფუძნა, რამაც ადგილობრივ დეველოპერულ და სამშენებლო სექტორთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
ჩატარებული ღონისძიების მნიშვნელობასა და ბრენდის სამომავლო გეგმებზე Geberit-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერმა, გიორგი კიკნაველიძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, გამართული ღონისძიება ორ ძირითად ნაწილად დაიყო, რამაც ორგანიზატორებს საშუალება მისცა, თითოეული ჯგუფის საჭიროებებზე ორიენტირებული ინფორმაცია მიეწოდებინათ.
"პირველ დღეს, 10 რიცხვში, მოწვეულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები - საინჟინრო მიმართულების წარმომადგენლები და მემონტაჟეები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები პროდუქციის ინსტალაციის პროცესში. 11 რიცხვი კი დაეთმო საინჟინრო კომპანიებს, დეველოპერებსა და არქიტექტორებს. ორივე დღე საკმაოდ აქტიური გამოდგა, დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებითა და ორმხრივი კომუნიკაციით.
უკვე გვაქვს კონკრეტული უკუკავშირი და რამდენიმე კომპანია აქტიურად გამოვიდა კავშირზე. ჩვენ მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ პროდუქციის მიწოდების კუთხით, არამედ გავუწიოთ კონსულტაციები შერჩევისა და უშუალოდ დანერგვის ეტაპებზე," - აღნიშნავს გიორგი კიკნაველიძე.
როგორც ის ამბობს, ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხარისხიან მასალებსა და სისტემებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ Geberit-ის პროდუქცია საქართველოში ათწლეულების განმავლობაში პარტნიორი კომპანიების მეშვეობით იყიდებოდა, ცენტრალურმა ოფისმა ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა კომუნიკაცია უფრო ეფექტური გამხდარიყო.
"ბრენდი აკვირდება ადგილობრივი დეველოპერული სექტორის განვითარებას. ცხადია, რომ ბაზარზე უფრო მაღალ ხარისხზე მოთხოვნა იზრდება. ცენტრალური ოფისი დარწმუნდა იმაში, რომ საჭირო იყო ლოკალური წარმომადგენელი, რომელიც პარტნიორებსა და კოლეგებს უშუალოდ გააცნობდა ბრენდის სრულ შესაძლებლობებს.
გასული წლის განმავლობაში 500-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა ჩავატარე. ხშირად ვხვდებოდი ისეთ შემთხვევებს, როდესაც წამყვან არქიტექტურულ თუ საინჟინრო კომპანიებშიც კი არ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას Geberit-ის მთლიანი პორტფელის შესახებ. ბრენდისთვის გლობალურადაც პრიორიტეტულია, რომ ბაზარმა უკეთ გაიცნოს ჩვენი პროდუქციის სრული ასორტიმენტი," - განმარტავს რეგიონული გაყიდვების მენეჯერი.
გიორგი კიკნაველიძის თქმით, შვეიცარიული ბრენდის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი ტექნოლოგიური განვითარება და კვლევებში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციებია.
"იმ მომენტიდან, როდესაც კომპანია აჩერებს კვლევებს, მისი ეფექტურობა და პოზიციები ბაზარზე იკლებს, რაც საბოლოოდ გაყიდვებზეც აისახება. Geberit-მა 86 მილიონი შვეიცარიული ფრანკი მიმართა კვლევებისა და ლაბორატორიების განვითარებაზე. ეს თანხა სრულად მოხმარდა პროდუქტის გაუმჯობესებას, რათა ის უფრო მარტივი გამოსაყენებელი გამხდარიყო. ამასთან, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფოკუსია მონტაჟის სიმარტივე, რაც გლობალურად ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა და დეველოპერებისთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენს," - აცხადებს გიორგი კიკნაველიძე.
მისივე თქმით, ადგილობრივი წარმომადგენლობის დაფუძნების შემდეგ, Geberit-ის სისტემები აქტიურად ინტეგრირდება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მსხვილ სამშენებლო პროექტებში.
ბრენდი თანამშრომლობს ისეთ წამყვან კომპანიებთან და პროექტებთან, როგორებიცაა: Orbi Central Park Towers (რომელიც სრულად არის აღჭურვილი Geberit-ის სისტემებით), Alliance Group, Next, Telegraph, Adjara Group და სხვა.
"ეს არის პროექტები, სადაც პარტნიორები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ გამოცდილებას. მათი კმაყოფილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ბრენდის მიმართ გრძელვადიან ნდობას," - აღნიშნავს გიორგი კიკნაველიძე.
რეგიონული გაყიდვების მენეჯერი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, რომ ოფიციალური წარმომადგენლობის არსებობა საქართველოში Geberit-ს საშუალებას აძლევს, საინჟინრო და სამშენებლო სექტორს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს, არამედ უზრუნველყოს უშუალო საინჟინრო მხარდაჭერა და პროფესიული კონსულტაციები პროექტის დაგეგმარების ეტაპიდან მის დასრულებამდე.

























