„საბაზრო ეკონომიკაში ხელის ფათური ხდება, რაც ბარიერია“, - ასე აფასებს პურის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება ავტოსატრანსპორტო საშულებებით იკრძალება და ნებადართული ხდება მხოლოდ გემებისა და რკინიგზის მეშვეობით. გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის. გამონაკლის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ნებართვით იმპორტი, შესაძლოა, სხვა ტრანსპორტის მეშვეობითაც განხორციელდეს.
მალხაზ დოლიძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის შეზღუდვა პროდუქციის ფასზე იქონიებს გავლენას.
„შეიძლებოდა ამის გამოცემა? ჩემთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. 300-მდე მცირე მეწარმეა, რომელსაც სატვირთო ავტომობილებით შემოაქვს ქვეყანაში ხორბალი. ეს ასტაბილურებდა ბაზარს. გადაწყვეტილება მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აწყობს, რომელიც მსხვილ ფასსაც ადებს პროდუქციას“, - ამბობს მალხაზ დოლიძე და აღნიშნავს, რომ ამ გზით სწორედ მსხვილი ბიზნესისა და რკინიგზის ლობირება მოხდა.
მისივე თქმით, 3 აგვისტოდან 1 ტომარა ფქვილის ფასი 35-36 ლარიდან 43 ლარამდე გაიზარდა, პარალელურად პურის გაძვირების მიზეზი, შესაძლოა, გახდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდაც.

























