მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე ყველა საფასო კატეგორიის ყავა დარჩება, უბრალოდ, იქნება მეტი კონტროლის ქვეშ - მიშა ფარულავა

მიშა ფარულავა

ყავის ბაზრის მოწესრიგება გარდაუვალი და საჭიროა სამართლიანი გარემოს შესაქმნელად და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს ყავის ასოციაციის“ პრეზიდენტი და „ყავის აკადემიის“ დამფუძნებელი მიშა ფარულავა საუბრობს.

მისი თქმით, ყავის ინდუსტრიისთვის რეგულაციები უცხო არ არის - ევროპამ და ჩრდილოეთ ამერიკამ ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარეს. საქართველოში კი, აქცენტი ძირითადად მწვანე, ანუ ნედლი ყავის იმპორტზე კეთდება, რომელიც აქამდე, გარკვეულწილად, ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი.

მიშა ფარულავას განმარტებით, რეგლამენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სეგმენტისთვის, რომელიც ყავას მეორადი მწარმოებელი ქვეყნებიდან, ძირითადად აზიიდან (ვიეტნამი, ინდონეზია) ეზიდება. სამხრეთ ამერიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ყავის წარმოების მაღალი კულტურაა, აზიური პროდუქცია ხშირად დაბალფასიანი და დაბალხარისხიანია.

„ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, რადგან არსებობს რისკები: დაბინძურება, მარცვლის ტენიანობის არასწორი მაჩვენებელი, ხარისხობრივი ხარვეზები და ფუჭებადობა. თუკი ეს რისკები არსებობს, მომხმარებელი საბოლოო ჯამში ვერ იღებს იმ პროდუქტს, რისთვისაც თანხას იხდის“, - აცხადებს ფარულავა.

მისივე თქმით, დღეს ბაზარზე, განსაკუთრებით საბითუმო ბაზრობებსა და რითეილ სექტორში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ყავა არაჰერმეტულად არის შეფუთული და გაუგებარ პირობებში ინახება, რაც პირდაპირ მოქმედებს პროდუქტის უვნებლობაზე.

ახალი რეგლამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი ყავის შემცვლელებს, ე.წ. სუროგატებს ეხება. ფარულავა განმარტავს, რომ სუროგატების (მაგალითად, მარცვლოვანი პროდუქტების) შერევა მსოფლიო პრაქტიკაა, განსაკუთრებით ხსნად ყავაში, თუმცა მთავარი პრობლემა ინფორმაციის გამჭვირვალობაა.

„ეს რეგლამენტი ითხოვს, რომ ეს ყველაფერი იყოს ხილული. მომხმარებელს უნდა შეეძლოს ამოკითხვა, თუ რა შემცველობა აქვს ამა თუ იმ პროდუქტს. გამჭვირვალობა აუცილებელია როგორც ეტიკეტირებაში, ისე სხვა ნაწილშიც.

ბაზარზე იაფფასიანი ყავა ერთმნიშვნელოვნად დარჩება, უბრალოდ მოწესრიგდება მისი იმპორტის თავისებურებები. საფასო კატეგორიები შენარჩუნდება, თუმცა პროდუქცია იქნება მეტი კონტროლის ქვეშ. შეიძლება ამან გარკვეული იმპორტიორები შეზღუდოს, მაგრამ მათ, ვინც უკვე აკმაყოფილებს რეგლამენტს, მეტი საშუალება ექნებათ გაყიდვების გასაზრდელად“ - ამბობს მიშა ფარულაბა BMG-სთან.

მისივე თქმით, ყავის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, რეგულაციების შემოღება რეალობამ და აუცილებლობამ მოიტანა. მიშა ფარულავას შეფასებით, ახალი რეგლამენტი ხელს შეუწყობს იმას, რომ ბაზარზე მოქმედი ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.

„თუ ეს ხალხი კონკურენციაშია, მოდით, იყვნენ სამართლიან კონკურენციაში და მოექცნენ ისეთ გარემოში, როგორშიც სხვები არიან. საბაზო მარცვლის და ხსნადი ყავის ბაზარი აშკარად უფრო ხარისხიანი გახდება“, - ამბობს ასკვნის ყავის ასოციაციის პრეზიდენტი.

მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების ერთიან წესებს აწესებს. როგორც რეგლამენტი განმარტავს, მიზანია ყავის სექტორში ერთიანი სტანდარტების დანერგვა ყველა ეტაპზე წარმოებიდან საბოლოო რეალიზაციამდე და მომხმარებლის უფლებების დაცვა. დოკუმენტი ვრცელდება ყავის ძირითად კომერციულ სახეობებზე, მათ შორის არაბიკა და რობუსტა, ასევე ყავის პროდუქტებსა და სუროგატებზე. რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა. ამასთან, ბაზარზე უკვე არსებული და ეტიკეტირებული პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაშვებული იქნება რეალიზაციაში ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე, თუმცა არაუგვიანეს 2027 წლის 1 სექტემბრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები