მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[ბაზისბანკი-ლიბერთის] გარიგება ქმნის ზომას, მაგრამ ჯერჯერობით, არ ქმნის ძალას" - მიხეილ გაფრინდაშვილი

 მიხეილ გაფრინდაშვილი

ბიზნესის მრჩევლის და პროგრამა Growth and Strategic Adviser-ის დამფუძნებლის მიხეილ გაფრინდაშვილის შეფასებით, "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის" შეძენა საქართველოს საფინანსო სექტორში ქმნის ზომას, მაგრამ ჯერჯერობით არ ქმნის ძალას. ამის შესახებ მან BMG-სთან საბანკო სფეროში ერთ-ერთი მსხვილი გარიგების შეფასებისას განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ბანკების გაერთინების შედეგად საცალო მოხმარება და ტექნოლოგიები უნდა განვითარდეს, რათა შერწყმას ეფექტი ჰქონდეს.

"მე უფრო მეტად ამ გარიგების სხვა ასპექტი მაინტერესებს - რეალურად ეს გაყიდვა არ არის რისკის გამო. „ლიბერთის“ დამფუძნებელი აქტივიდან გამოდის იმიტომ, რომ მისთვის სასანქციო რისკები იზრდება, თორემ თუ რიცხვებს შევხედავთ "ლიბერთი ბანკს" გასაყიდი არაფერი სჭირს. ის მოგებიანია, გასული წელი 128 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, ხოლო მისი კაპიტალისა და აქტივების უკუგების მაჩვენებლები „ბაზისბანკისაზე“ უკეთესია. ბანკის უდიდესი აქტივია ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის თითქმის 2-მილიარდიანი პორტფელი.

მეორე მხარესაა ჩინური კაპიტალი. ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ საქართველოში დასავლური კაპიტალის შემცირების ფონზე სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეები შემოდიან. საბოლოო ჯამში, ეს გარიგება ქმნის ზომას, მაგრამ ჯერჯერობით არ ქმნის ძალას. ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელია ძლიერი რიტეილი და ტექნოლოგიები. თუ ბანკები ამ მიმართულებებს არ განავითარებენ, ბაზრის ლიდერები არ შეიცვლებიან და ეს გარიგება მხოლოდ გამსხვილების ეფექტის მქონე იქნება", - უთხრა მიხეილ გაფრინდაშვილმა BMG-ის.

ბიზნესის მრჩეველი თქმით, ეს გარიგება რეალურად არა მხოლოდ ერთი ბანკის ყიდვა, არამედ საბანკო სექტორის კონსოლიდაციაა.

"ბაზრის მეოთხე მოთამაშემ იყიდა მესამე და მათი ჯამური წილი ბაზარზე უკვე 10%-ს აღწევს. რეალურად, „ბაზისბანკი“ იძენს „ლიბერთის“ ყველაზე დიდ აქტივს მასობრივ მომხმარებელს. ეს ნიშნავს, რომ ჩნდება მესამე დიდი მოთამაშე, რომელსაც არსებული ლიდერებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

რაც შეეხება კონკურენციას, ვფიქრობ, აქ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. წარსულში გვქონია პრეცედენტი, როდესაც არა მესამე და მეოთხე, არამედ მეორე და მესამე ბანკები გაერთიანდნენ. მაშინ ეროვნულ ბანკს კონკურენციის შეზღუდვის რისკი უფრო მეტად უნდა დაენახა. ამ შემთხვევაში გაერთიანებული წილი 10%-ს ოდნავ აღემატება, მაშინ როცა ლიდერებს ბაზრის 42% და 39% უკავიათ", - აღნიშნა მიხეილ გაფრინდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები