"[ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენა] ქართული საბანკო სექტორის განვითარების და გაძლიერების ახალი ეტაპია", - ამის შესახებ ბაზისბანკის აქციონერის წარმომადგენელი, Hualing Group-ის საქართველოს წარმომადგენლობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მო ვლუმ განაცხადა.
"Hualing Group-ის გუნდის სახელით მინდა დამსწრე საზოგადოებას მივესალმო. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება. აღნიშნული გარიგება ქართული საბანკო სექტორის განვითარების და გაძლიერების ახალი ეტაპია.
ჩემთვის, როგორც Hualing Group-ის წარმომადგენლისთვის საამაყოა, რომ ჰუალინგ ჯგუფი ბაზისბანკთან ერთად ამ ისტორიული გარიგების მონაწილეა.
Hualing Group-ი საქართველოში 2007 წლიდან მოღვაწეობს და დღემდე დიდ უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. ჩვენს მიერ საქართველოში ინვესტირებული კაპიტალი უკვე 600 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. რაც ეკონომიკის სტაბილურობისა და ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის დასტურია.
დარწმუნებული ვარ, ბაზისბანკისა და ლიბერთი ბანკის რესურსების გაერთიანებით და მათი მაღალკვალიფიციური გუნდების კოორდინირებული თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას", - განაცხადა Hualing Group-ის საქართველოს წარმომადგენლობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ: ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.
ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.
ბანკის აქციონერები ამ დრომდე იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.




























