მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაზრიდან ბევრი ლომბარდი გაქრება" - რას ცვლის სებ-ის ახალი რეგულაცია

5cf7e4fa7b45f
ელენე გოგბერაშვილი
05.06.19 20:50
3513
1 ივლისიდან „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, სესხის ამღები სუბიექტები გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.

გარდა ამისა, სესხის გამცემ სუბიექტებს კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, აეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების იმ ქონებით ჩანაცვლება, რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად არის მიღებული.

ლომბარდების ნაწილი ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებს და ამბობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ფინანსებთან წვდომა გაურთულდება, ეს კი მათი დიდი ნაწილის ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს.

„ასეთი სწრაფი ტემპით არცერთი რეგულაცია არ არის მისაღები. ნებისმიერ რეგულაციას სჭირდება მომზადება და 30 დღეში სექტორი ამხელა რეგულაციისთვის ვერ მოემზადება. აქ არის ფაქტიურად ფინანსური დონორის შეწყვეტაზე საუბარი. ჩვენ ვეღარ მივიღებთ ფულად სახსრებს ბანკიდან იმ სახით, რა სახითაც აქამდე ვიღებდით. უნდა შეიცვალოს მთლიანად სქემა, 30 დღეში ამხელა რეგულაციის შემოღება არ შეიძლება, იმ პირობებში, როცა სულ რაღაც 6 თვის წინ დეპოზიტარებიც ჩაგვიხსნეს. ჩვენ დეპოზიტარებიც აღარ გვყავს. დამატებით სახსრების მოძიება ნიშნავს მხოლოდ კაპიტალის შევსებას და ასე მარტივად ამხელა კაპიტალის შევსება ვერ ხდება და ამ კუთხით რა თქმა უნდა პრობლემა შეიქმნება, პრობლემა ძალიან დიდი შეიქმნება“, - აცხადებს bm.ge-ისთან „სწრაფი კრედიტის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ გრიგალაშვილი.

გრიგალაშვილის განმარტებით, სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების გადაგირავება მომხმარებელთან შეთანხმებით ხორციელდებოდა და პროცესი საკმაოდ ღია იყო. შესაბამისად, მათთვის უცნობია, რატომ გახდა საჭირო მსგავსი ცვლილებები.

„კლიენტთან შეთანხმებით გვქონდა ეს ყველაფერი. ჩვენს ხელშეკრულებებში წერია, რომ ჩვენ გადაგირავებას ვახდენთ კომერციულ ბანკებში, ვიღაცას შეიძლება მესამე პირი ეწეროს. მომხმარებელი იყო ამის შესახებ ინფორმირებული. მან ისიც იცოდა, რომ ის, რომ ჩვენთან თანხას ფარავდა, ის უნდა დაფარულიყო ბანკში და მერე ითვლებოდა მისი სესხი დაფარულად ანუ ჩვენ ყველაფერი ღია გვქონდა, ამიტომ ვერ ვხვდებით რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილებები, რა დანაკარგებზეა საუბარი და რა მომხმარებლის ინტერესებზეა საუბარი. მომხმარებლის ინტერესი არც აქამდე იყო დარღვეული და არც აწი გაუმჯობესდება მაგ კუთხით. ეს რეგულაცია ამას არ მოახდენს“, - აცხადებს გრიგალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები