მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლამდე გაგრძელდება

სალარო აპარატი

ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა. ეს ამ ვალდებულების რიგით მესამე გადავადება იქნება.

"2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

"გარკვეული შეღავათების მოქმედების ნორმა ასევე გრძელდება, იგულისხმება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვადის გაგრძელება ბაზრობის ტერიტორიაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ბაზრობაზე პირი არ არის ვალდებული გამოიყენოს სალარო აპარატი, ამ ნორმას ეს ნორმა გაგრძელდება, ნორმის მოქმედება გაგრძელდება 2028 წლამდე,"- საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის რეალიზაციისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა. პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა მხარდაჭერის შემთხვევაში 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები