საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეული საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის გაუქმებას.
პროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსიდან ამოიღებენ სპეციალური სავაჭრო ზონისა და ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელ ნორმებს. ასევე განისაზღვრება, რომ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი კომპანია ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.
ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო სფეროში 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დებულებების ვადა გაგრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე.
დამატებით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი.
ასევე, 2028 წლამდე გაგრძელდება:
- თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათი;
- ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან მოქმედი ფიზიკური პირების გათავისუფლება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან (გარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან დღგ-ის გადამხდელი პირებისა);
- ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო შეღავათები შენარჩუნდება 2028 წლამდე.




























