მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BBC ამერიკულ სასამართლოს ტრამპის $10-მილიარდიანი სარჩელის გაუქმებას სთხოვს

BBC

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, არ დააკმაყოფილოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც მიყენებული რეპუტაციული ზარალის ასანაზღაურებლად მედიას $10 მილიარდ დოლარს სთხოვს.

შეგახსენებთ, მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს დოკუმენტურ ფილმ „Trump: A Second Chance?“-თან დაკავშირებით, რომელშიც, ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, პრეზიდენტის 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა მანიპულაციურად იქნა დამონტაჟებული. კერძოდ, სარჩელში ნათქვამია, რომ მაუწყებელმა გამოსვლის სხვადასხვა მონაკვეთი მანიპულაციურად მიუერთა ერთმანეთს, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპმა თავის მომხრეებს კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმისკენ პირდაპირ მოუწოდა.

ორშაბათს შეტანილ შუამდგომლობაში BBC-ის იურისტები სარჩელის გასაუქმებლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ. პირველ რიგში, ისინი ამტკიცებენ, რომ ფლორიდის სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია ამ საქმეზე, ვინაიდან პროგრამა აშშ-ის ტერიტორიაზე არ გადაცემულა და არც ინტერნეტ-პლატფორმებით ყოფილა ხელმისაწვდომი ამერიკელი მაყურებლისთვის. გარდა ამისა, მაუწყებელი მიიჩნევს, რომ ტრამპის რეპუტაციას ზიანი არ მიყენებია, რისი დასტურიც მისი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებაა, მათ შორის ფლორიდის შტატშიც, სადაც მან ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ BBC-მ გასულ წელს მონტაჟის გამო ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ „უნებლიეთ შექმნა მცდარი შთაბეჭდილება“, კომპანია კატეგორიულად უარყოფს ცილისწამების ფაქტს. ტრამპის იურისტთა გუნდი კი აცხადებს, რომ ბოდიში არ არის საკმარისი და მაუწყებელმა პრეზიდენტის სიტყვები შეგნებულად და ბოროტი განზრახვით დაამახინჯა. ცნობისთვის, მოსამართლე როი ალტმანმა სასამართლო პროცესის დაწყების სავარაუდო თარიღად 2027 წლის თებერვლალი შეარჩია, თუმცა თუ ის BBC-ს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, საქმის წარმოება შეწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები