ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ BBC-სთან სასამართლო დავა მოიგო და ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მასალის საკუთარი პლატფორმებიდან აღება და მისთვის სარჩელის ხარჯების ანაზღაურება დაევალა.
"ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით. BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას. ბიბისი ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს", - წერს კეზერაშვილი.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიებას, მასალა ამ ეტაპზე საიტზე აღარ იძებნება. კეზერაშვილზე გამოქვეყნებული მასალა მოხვდა ბრიტანული მედიის შესწორებები და დაზუსტებების გრაფაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ კეზერაშვილი საქართველოში მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
"BBC-ის სურს კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ ბატონი კეზერაშვილი ყოველთვის უარყოფდა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა".
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად კეზერაშვილია დასახელებული. გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.