„ზოგადად, ინვესტორებზე ერთი კონკრეტული ფაქტი დიდ გავლენას არ ახდენს ხოლმე“, - ასეთია „თიბისი ბანკისა“ და მისი აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში დასმულ კითხვაზე BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის პასუხი.
ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკა“-ში BDO-ს მმართველმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ინვესტორებისთვის უფრო ღირებულია იმაზე დაკვირვება, თუ რა ხდება დინამიკაში: „როგორ მუშაობენ სახელმწიფო უწყებები, როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა, რამდენად დაცულია მესაკუთრის უფლებები - ეს ყველაფერი ჯამში ახდენს, ბუნებრივია, გავლენას ნებისმიერის გადაწყვეტილებაზე, შეიძინოს აქტივი საქართველოში ან საქმიანობა დაიწყოს“.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო ქულა ყველაზე მკვეთრად სასამართლოს სისტემის ეფექტურობის კომპონენტში გაუარესდა.
რაც შეეხება “თიბისი ბანკს“, TBC-ის აქციების ღირებულება ერთ თვეზე მეტია ეცემა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიონით შემცირდა, აქციების ღირებულება კი, ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა. ვარდნის მიზეზი, მიმდინარე გამოძიებას, ფულის გათეთრების ბრალდებას, მილიონიანი ჯარიმას, ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და გადაყენების მოთხოვნას უკავშირდება.
21 თებერვალს - მას შემდეგ, რაც ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების განცხადება გამოაქვეყნა. ამ განცხადებასთან ერთად, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებაც დაიდო. 2018 წელს ბანკის წმინდა მოგება მთელი 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
იმავე დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება მთელი 8.4%-ით, ხოლო, შედეგად, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 67 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.

























