„ასეთი ტიპის აჟიოტაჟი საჯარო კომპანიის მისამართით არის ხოლმე ყოველთვის ძალიან ცუდი როგორც - ამ კომპანიის, ასევე მისი ინვესტორებისთვის და ზოგადად ბიზნესკლიმატისთვის“ - ასე აფასებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი „თიბისი ბანკისა“ და მისი აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
თემაზე ზურაბ ლალაზაშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - „ანალიტიკა“ - ისაუბრა.
„ბატონმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება როდესაც განაცხადეს, რომ ტოვებენ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს და ამით მოხსნეს პრინციპში ის დაძაბულობა, რაც არსებობდა ამ თემის ირგვლივ“, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.
BDO-ს მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ „ის ტენდენცია, რასაც ვუყურებდით ბანკის აქციებთან მიმართებით, ასახავდა ზუსტად იმ რეალობას, რაც იყო ანუ გაურკვევლობა, რას მოიმოქმედებდა ბანკი, რა გავლენას მოახდენდა ეს თვითონ ბანკის მდგომარეობასა და მის საქმიანობაზე“.
შეგახსენებთ, რომ TBC-ის აქციების ღირებულება ერთ თვეზე მეტია ეცემა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიონით შემცირდა, აქციების ღირებულება კი, ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა. ვარდნის მიზეზი, მიმდინარე გამოძიებას, ფულის გათეთრების ბრალდებას, მილიონიანი ჯარიმას, ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და გადაყენების მოთხოვნას უკავშირდება.
21 თებერვალს - მას შემდეგ, რაც ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების განცხადება გამოაქვეყნა.
ამ განცხადებასთან ერთად, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებაც დაიდო. 2018 წელს ბანკის წმინდა მოგება მთელი 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
იმავე დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება მთელი 8.4%-ით, ხოლო, შედეგად, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 67 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.

























