მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბებოს ჩირი" წარმოების 40%-იან ზრდას ვარაუდობს - გეგმები

ბებოს ჩირი

USAID-ის „ძლიერი სოფლის“ პროგრამაში გამარჯვების შედეგად მიღებული თანხით „ბებოს ჩირმა“ საწარმოს გადაიარაღება შეძლო და წელს წარმოების 40%-იან ზრდასაც გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთევან ჯინიაშვილმა ისაუბრა.

„ძლიერი სოფლის პროგრამაში გამარჯვების შედეგად მოვიპოვეთ 80 000-ლარიანი გრანტი, რაც სრულად საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა, ამით კი შესაძლებლობა მოგვეცემა მკვეთრად გავზარდოთ ჩირის წარმოება. ვფიქრობთ, 2024 წელს ჩირის წარმოების 40%-იანი ზრდა უნდა შევძლოთ. ზოგადად, საშუალოდ წლის განმავლობაში 15 ტონას ვაწარმოებთ", - აღნიშნა ქეთევან ჯინიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში „ბებოს ჩირის“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ასორტიმენტიც.

"2022 წელს დავამატეთ საკონსერვო წარმოებაც, მურაბები, ჯემები, ტყემლები და ა.შ. ვამატებთ უფრო ისეთ სახეობებს, რომელიც იშვიათია. თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა კვლავ ტყემლის საწებელზე რჩება. 2023 წელი "ბებოს ჩირმა“ რეალიზაციის 100%-იანი ზრდით დახურა", - აღნიშნა ქეთევან ჯინიაშვილმა.

კომპანია ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და შოკოლადის მიმართულების დამატებას გეგმავს. ამაზე მუშაობა კი წელს უნდა დაიწყოს.

„ადგილობრივ ბაზარზე, მომხმარებლის დაინტერესებაზე ვმუშაობთ. საქართველოში რომ 10-15%-ით იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება მოხდეს, აღარც იქნება საჭიროება ექსპორტზე გატანის. იმისდა მიუხედავად, რომ საერთაშორისო ბაზრების მხრიდან დაინტერესება არის, ჩვენი ინტერესით რომელიმე ბაზართან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. თუმცა, თუ რეალური შანსები იქნება საექსპორტო ბაზრებიდან, უარს არ ვიტყვით," - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

ინფორმაციისთვის, ბებოს ჩირი 60-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს. პროდუქციის ფასები 15 ლარიდან იწყება, ყველაზე ძვირად ღირებული მარწყვის ჩირი კი კილოგრამი 120 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის თვიური წარმადობა 10 ტონამდე პროდუქტია. საწარმოში 3 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები