Ray Dalio-ს ანალიტიკოსები Great Powers Index 2024-ის ანგარიშში მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში ბედნიერების დონეს აფასებენ.
ანგარიშში მსოფლიოს წამყვან 24 ქვეყანაში ბედნიერების დონე ხუთი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვითაა შეფასებული, რომელთა შორისაცაა:
- მოსახლეობის წილი, რომელიც ადასტურებს, რომ ბედნიერია;
- მოსახლეობაში ცხოვრებით კმაყოფილების დონე (1-10);
- მოსახლეობის წილი, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურ ბედნიერებას განიცდის;
- მოსახლეობის წილი, რომელიც ადასტურებს, რომ კარგი სოციალური წრე ჰყავს;
- სუიციდის დონე (ყოველ 100 000 მოსახლეზე).
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 24 წამყვან სახელმწიფოში ბედნიერების ინდექსით გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, რომლის შეფასებაც 1.65 ქულაა.
როგორც ანგარიშშია განმარტებული, აღნიშნული შეფასება ასაკოვანი თაობის ბედნიერების დონითაა განპირობებული, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბედნიერების 2024 წლის ინდექსით გაერთიანებული სამეფო 143 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გლობალური ინდექსების სხვა ანგარიშებშიც, გაერთიანებულ სამეფოს ანალოგიური შედეგი აქვს.
მეორე ადგილს, 1.58 ქულით, ინდონეზია იკავებს, სადაც მოსახლეობის 79% აცხადებს, რომ ბედნიერია - ეს მაჩვენებელი გლობალურ საშუალოს - 73%-ს აღემატება.
ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს ადასტურებს, ეკონომიკური სიძლიერე ბედნიერებასთან ყოველთვის პირდაპირ კავშირში არ არის. კვლევა ადასტურებს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ში მოსახლეობის ბედნიერების დონე იკლებს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდა თაობებში.
24 ქვეყნიდან ყველაზე დაბალი შეფასება ინდოეთმა მოიპოვა, სამხრეთ კორეაში კი, რომელიც მსოფლიოს TOP 10 ეკონომიკას შორისაა, მოსახლეობის 74% ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური კლიმატით უკმაყოფილოა.
ბედნიერების დონე მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში:
- გაერთიანებული სამეფო - 1.65
- ინდონეზია - 1.58
- ნიდერლანდები - 1.50
- მექსიკა - 1.41
- შვეიცარია - 1.30
- ავსტრალია - 1.27
- კანადა - 1.21
- ჩინეთი - 1.20
- ბრაზილია - 1.06
- აშშ - 0.98
- საფრანგეთი - 0.98
- არგენტინა - 0.94
- ევროზონა - 0.88
- გერმანია - 0.85
- იტალია - 0.83
- ესპანეთი - 0.76
- იაპონია - 0.56
- საუდის არაბეთი - 0.54
- სინგაპური - 0.48
- სამხრეთ აფრიკა - 0.13
- რუსეთი - 0.00
- თურქეთი - -0.06
- სამხრეთ კორეა - -0.16
- ინდოეთი - -0.55