ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ბეკოს“ ხელმძღვანელის მეჰმედ მელექის განცხადებით, საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 7 თვის თავზე, კომპანიას გაყიდვების დაახლოებით, 20%-25%-იანი ზრდა აქვს, ხოლო ივნისში „ბეკო-საქართველოს" შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი გაყიდვების ზრდა ჰქონდათ.
„ბეკო-საქართველოს" ხელმძღვანელი მეჰმედ მელექი გაყიდვებში ზრდას ფასების სტაბილურობას და მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებს.
„საბანკო რეგულაციების და გაუფასურებული ლარის კურსის ფონზე ეს სასწაულია, თუმცა ჩვენ გარკვეული მარკეტინგული ნაბიჯები გადავდგით და ამან გავლენა იქონია. 2019 წელს მაღაზიები გავხსენით და ახალი ბრენდები შემოვიყვანეთ. ლარის კურსი ამ დრომდეც მერყეობდა, მაგრამ ჩვენ ფასები არ გაგვიზრდია,“ - განაცხადა მეჰმედ მელექმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გაყიდვების ზრდა აქვს და "ბეკოს" პროდუქციაზე მოთხოვნაც არის, კომპანია მოგებაზე ვერ გადის, რადგან საბანკო რეგულაციებმა ბიზნესზე გარკვეული გავლენა მაინც იქონია.
„ამჟამად კომპანიას მოგება არ დარჩა. 2019 წლის პირველ კვარტალში საბანკო რეგულაციების გამო წაგებაზე ვიყავით, მეორე კვარტალში მაჩვენებელი გაბათილდა და მესამე კვარტალში ზრდას ველოდებით იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი სტაბილური იქნება და ისევ არ გაუფასურდება“, - აღნიშნა მელექმა.

























