„ვინც მყარად დადგება და ეკონომიკურად ძლიერია, ასევე ბანკებზე სესხის მხრივ დამოკიდებული არ არის, მათ არაფერი მოუვათ,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ბეკოს“ ხელმძღვანელმა მეჰმედ მელექმა ე.წ. საბანკო რეგულაციების გამო, ბაზრიდან მოთამაშეების შესაძლო გაქრობის თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
მელექის ვარაუდით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე 4-5 კომპანია დარჩება, ხოლო ვინც ფინანსურად ბანკებზეა დამოკიდებლი და საკუთრი კაპიტალი არ გააჩნია, ისინი ბაზრიდან გავლენ.
„ძლიერი ფირმები დარჩებიან და "ბეკო" შედის ამ ფირმების ჩამონათვალში. ძირითადად, ვისაც ექსკლუზიური ბრენდები აქვთ, ბაზარზე ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მაგალითად „ბეკო“, „შპს მატექს ჯორჯია“, რომელიც „ვესტელის“ ოფიციალური წარმომადგენელია, „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც „ბოშის“ და „სიმენსის" ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო ტექნიკის პატარა მაღაზიები, ვისაც პროდუქცია ჩინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვს, მათზეა საუბარი, რომ ბაზარს დატოვებენ,“ - განაცხადა მელექმა.
„ბეკოს“ ხელმძღვანელმა შიდა განვადებების თემაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის შიდა განვადებების წინააღმდეგია.
„შიდა განვადებებს არ გავაკეთებთ, რადგან ეს არის დიდი რისკი; ზოგადად, ადამიანებს რატომ აქვთ ვალები - ისინი არ იხდიან ბანკების ვალებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის ვალსაც არ გადაიხდიან. თუ შიდა განვადებას გავაკეთებ, აქედან 30% უკან არ დამიბრუნდება და ეს არის ძალიან დიდი სისულელე. ბანკი თუ ჩართული არ არის, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ", განმარტა მეჰმედ მელექმა.

























