ტექნიკის მაღაზიათა ქსელ BEKO-ში ლარის გაუფასურების შემდეგ ტექნიკაზე ფასები დაახლოებით, 5%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ BM.GE-ის BEKO-საქართველოს ხელმძღვანელმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.
„ჩვენ ფასები 2.80-ზე გვქონდა დაფიქსირებული და ახლა კურსი უკვე 2.89-ზეა. რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება კომპანიაზე უარყოფითად აისახა შესაბამისად, ამის გამო ფასები 5%-მდე გავზარდეთ,“ - განაცხადა მეჰმედ მელექმა bm.ge-ისთან.
როგორც BEKO-საქართველოს ხელმძღვანელი განმარტავს, სპეციალური სეზონური აქციების ხარჯზე კომპანიამ მოახერხა ის, რომ ბიზნესი წაგებაზე არ მიდის.
„სხვა კონკურენტი ტექნიკის მაღაზიები ობიექტებს ხურავენ და ჩვენ პირიქით, ვფართოვდებით. სულ მოგებაზე ხომ არ ვიმუშავებთ? როდესაც ცუდი პერიოდია, ახალი კაპიტალის ჩადებაა საჭირო. ბიზნესი ასეა, 3 წელი თუ მოიგე, 1 წელი უნდა წააგო. წელს ინვესტიციის ჩადებაზე ვართ ორიენტირებულები და მომსახურების ცენტრების გახსნაზე, რომ მომსახურება გავაუმჯობესოთ", - განმარტა მელექმა.
მეჰმედ მელექის თქმითვე, კომპანია 2019 წელსაც აგრძელებს მაღაზიების გახსნას და განვითარებას.
„ბეკო" ორ ახალ მაღაზიას ბათუმსა და რუსთავში ხსნის. რუსთავში მაღაზია - 650 კვ.მ-ზე, ხოლო ბათუმში 1100 კვ.მ-ზე გაიხსნება. ორივე მაღაზიის გახსნაში ჯამში, მილიონ ლარამდე თანხა დიხარჯება.

























