კომპანია "ბეკოს" გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი შიდა განვადების ინსტრუმენტის შემოღების მომხრე არაა. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული განვადებების და ჯამში, გაყიდვების გამო, კერძო სექტორი გამოსავალს შიდა განვადებების სისტემის დანერგვაში ეძებს.
"ჩვენ ამის მომხრე არ ვართ, რადგან დიდ რისკს შეიცავს... დიდია თანხის უკან დაბრუნების რისკი. შეიძლება, თანხის 30-35% უკან არ დაბრუნდეს", - აცხადებს მელექი.
კომპანია "ბეკოს" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, 1 იანვრიდან თბილისზე მეტად განვადებით გაყიდვები რეგიონებშია შემცირებული, თუმცა განვადების შემცირებასთან ერთად გაზრდილია ნაღდი ფულით შეძენელი პროდუქციის რაოდენობა.
"ეს რეგულაციები მოკლე პერიოდისთვის ჩვენთვის უარყოფითი იყო და შემცირდა ჩვენი გაყიდვები რეგიონებში. რეგიონებში 30%-ით არის კლება განვადებით გაყიდულ პროდუქციაზე, მაგრამ ნაღდი ფულით გაყიდული პროდუქციის რაოდენობა გაზრდილია. თუ ადრე იყო 30% ნაღდი ფულით და 70% განვადებით, ახლა 50-50%-ზეა. როცა ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ჩვენ ამ რეგულაციებით ვსარგებლობთ და ვხსნით ახალ მაღაზიებს, რომ რეალიზაცია გავზარდოთ და ამით მოგება და ზარალი დავაკომპენსიროთ", - ამბობს კომპანია "ბეკოს" გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი.

























