მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელარუსი რუსული ნავთობის ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს

5cf006e1164a0
მიშა ხაჩიძე
30.05.19 21:16
1000
ბელარუსი რუსული ნავთობის ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს.

როგორც რუსული მედია იუწყება, მილსადენ "დრუჟბადან" მიწოდებული დაბინძურებული ნავთობის სანაცვლოდ ოფიციალური მინსკი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახეთთან.

თავის მხრივ, ნავთობის მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა ოფიციალურმა ნურ-სულთანმა, თუმცა არსებობს ერთი უმთავრესი პრობლემა: ნავთობის მიწოდება ბელარუსიისთვის ყაზახეთიდან ტერიტორიული მდებარეობის გამო, რუსეთის გავლით უნდა მოხდეს. ამისთვის კი, მოსკოვის თანხმობაა საჭირო ან კიდევ არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, ნავთობის რკინიგზით მიწოდება, მაგრამ როგორც ყაზახეთში განმარტავენ, ეს უკანასკნელი არაეფექტური იქნება.

ბელარუსის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება და შეთანხმებას მიაღწევენ.

ბელარუსში ყაზახეთის ელჩმა კი, განმარტა, რომ მოსკოვი ნურ-სულთანისთვის და მინსკისთვის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ რუსული ნავთობის გარშემო გაუგებრობები ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ოფიციალური მინსკის გადაწყვეტილებით, „დრუჟბა“ 25 აპრილიდან ბლოკირებულია და ევროპულ სახელმწიფოებს რუსული ნავთობი არ მიეწოდებათ. მილსადენის ჩაკეტვის მიზეზი 5 მილიონი ტონა დაბინძურებული ნავთობი გახდა, რომელიც დასაშვებზე დიდი რაოდენობით კოროზიულ ნივთიერებებს - ქლორიდებს შეიცავდა.

როგორც ბელარუსის ვიცე-პრემიერი განმარტავდა, მაგისტრალურ ნავთობსადენ „დრუჟბას“ რემონტი ესაჭიროებოდა, თუმცა მალევე ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, რომ ე.წ. ნავთობსადენის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც საბჭოთა დროინდელი მილსადენები გამიზნულად დააბინძურეს. აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ უკვე 55 წელია ფუნქციონირებს და აქამდე რემონტი არ ჩატარებია.

რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მილსადენი „დრუჟბა“ გაწმენდილია, ყველა სახის პრობლემა აღმოფხვრილია და ევროპისათვის ნავთობის მიწოდებას 9 ივნისიდან განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები