ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
"საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება მოახდინა ასევე მოლდოვამ. ევროკავშირს და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადასცა საქართველოს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
თქვენ მოგვახსენეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ შეფასებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ველით გაუმჯობესებას ამ მიმართულებების და ევროპული კომისიის მოხსენებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ბელგია საქართველოს გვერდით დგას და გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც”, - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბმა.