ბელგრადში, 27 ივნისს გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე, სერბეთის პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზითა და სპეციალური საშუალებებით დაუპირისპირდა. აქტივისტები ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვდნენ.
საპროტესტო ტალღა, რომელსაც სტუდენტური მოძრაობა ხელმძღვანელობს, ბოლო თვეების ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციით გაგრძელდა — BBC-ის ცნობით, ბელგრადში დაახლოებით 140 000 ადამიანი შეიკრიბა. მონაწილეები სკანდირებდნენ: „არჩევნები გვინდა!“.
აქციის დასრულების შემდეგ, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაკავებული იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ათობით მოქალაქე დააკავეს.
პრეზიდენტმა ვუჩიჩმა საპროტესტო ტალღა უცხო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ შეთქმულებად შეაფასა. მისი მტკიცებით, დემონსტრანტები ცდილობდნენ „სერბეთის მიტაცებას“, თუმცა „მარცხით დაასრულეს“. 27 ივნისს კი მთავრობაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო მოძრაობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მასში სტუდენტები, მასწავლებლები, ფერმერები და მუშებიც ჩაერთნენ. უკმაყოფილება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მომიტინგეები ტრაგედიას კორუფციას და სისტემურ გაუმართაობას აბრალებენ.




























