საქართველოს საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია ООО «Грузинские Натуральные Продукты», ბელარუსში მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქართული პროდუქციის გამოფენის ორგანიზებაზე $600,000-ს ხარჯავს. შესაბამისი მომსახურების მისაღებად კომპანიამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიიღო.
საპარტნიორო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განმარტების მიხედვით, ООО «Грузинские Натуральные Продукты» არის ფონდის წილობრივი მონაწილეობით ბელარუსის რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანია, რომლის საქმიანობის მიზანს ქართული პროდუქტების პოპულარიზება და რეალიზება წარმოადგენს.
ფონდის განმარტებით, 2019 წლის მაის-ივნისის თვეებში იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში. ამ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომელშიც კომპანიის ობიექტს მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ იჯარით აღებულია ფართი, სადაც დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შემდგომ გათვალისწინებულია ქართული ღვინის მაღაზიის, საგამოფენო სივრცის, ქართული ღვინის მარნის, ქართული კერძების კვების ობიექტის, სამუშაო სივრცეების და დამხმარე სათავსოების მოწყობა და ოპერირების დაწყება.

























