მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბექა დალაქიშვილმა სტარტაპ Kernel-ის განვითრებისთვის $30 000-ის ინვესტიცია მოიპოვა

62986958eabb6
BM.GE
02.06.22 11:37
705
მარტივი ინვოისირებისა და ციფრული ხელსაწყოების პლატფორმის, კერნელის შექმნის იდეა დაახლოებით 2 წლის წინ, საკუთარი საჭიროებებიდან გაჩნდა - ბექა დალაქიშვილი ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მასში შემავალ კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემას აწყდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი გამოწვევების წინაშე ძალიან ბევრი მცირე ბიზნესი დგას, საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი გადაწყვეტილება ნელ-ნელა სტარტაპის იდეად გარდაიქმნა.

რა პრობლემას წყვეტს სტარტაპი, რას სთავაზობს მომხმარებელს და რა სამომავლო გეგმები აქვს - ამ თემებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად მის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი გვესაუბრა. თუმცა, მანამ, სანამ ამ საკითხებს განვიხილავდეთ, სტარტაპის დამფუძნებლების შესახებ მცირე ინფორმაციას გაგაცნობთ.

დამფუძნებლები

Kernel-ის თანადამფუძნებლები ბექა დალაქიშვილი, მიშო ზღულაძე და გიორგი ტუხაშვილი შესანიშნავი მაგალითი არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება წინა წარუმატებელი სტარტაპების გამოცდილებით წარმატებული კომპანია შექმნა.

ბექა დალაქიშვილი დაახლოებით, ათი წელია ფინანსური კონსულტაციის მიმართულებით მუშაობს. მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს ფინანსური ნაწილის მართვაში ეხმარება და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობაც იზიდავს. სტარტაპის დაფუძნებამდე ფინტექ ინდუსტრიაში მან ბედი რამდენჯერმე სცადა – ჯერ ბლოკჩეინ საგანმანათლებლო პლატფორმა აამუშავა, შემდეგ Crowdfunding-ის პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო კრიპტოპლატფორმა შექმნა. ამის მერე, ერთ-ერთ ამერიკულ ბუტიკურ საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და პარტნიორებთან ერთად, კერნელის იდეაზე მუშაობასაც ამ პერიოდში შეუდგა.

მიშო ზღულაძე კერნელის თანადამფუძნებელია და კომპანიის ზრდის მიმართულებას ხელმძღვანელობს. აღსანიშნია, რომ მომხმარებლების რაოდენობით კომპანია ყოველთვიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება. ამ წარმატებაში მიშოს ერთ-ერთი მთავარი როლი მიუძღვის.

ბექა და მიშო პირველად მაშინ შეხვდნენ, როდესაც ბექა თავის პირველ სტარტაპზე მუშაობდა. მაშინ მიშო 17 წლის იყო და ბექამ ნათლად დაინახა პროგრესი, რომელიც მან ამ რამდენიმე წელში გაიარა. 2019 წლის ბოლოს კი, როდესაც კერნელის იდეა დაიბადა, მარკეტინგის მიმართულების მართვის პასუხისმგებლობა სწორედ მიშომ აიღო. ისინი გაერთიანდნენ იდეის გარშემო და მას შემდეგ ერთად ქმნიან კერნელს.

თანადამფუძნებლების სიას სულ ახლახან გიორგი ტუხაშვილი შეუერთდა. აღსანიშნია, რომ მას მრავალფეროვანი სტარტაპ გამოცდილება აქვს - გიორგი უკვე 5 წელია, რაც კონსულტაციის მიმართულებით მუშაობს და კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხმარება. ამასთანავე, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში. საინტერესოა, რომ გიორგის კერნელამდე 2 სტარტაპი ჰქონდა, რომელთაგან ერთი წარუმატებლად დასრულდა, ხოლო მეორესთვის, მიუხედავად 10 მილიონამდე მოზიდული ინვესტიციისა, პანდემია დამღუპველი აღმოჩნდა.

პრობლემა და პროდუქტი

ბუღალტრული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა, ასევე გადასახადების გამოთვლა, პროგნოზი და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასება საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა ეს ბიზნესების, ასევე ბუღალტრების ეფექტური საქმიანობისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა, მარტივი ხელსაწყოები, რომლებითაც მცირე მეწარმეებსა და მათ ბუღალტრებს შორის კოლაბორაციას გავამარტივებდით.

ამჟამად, კერნელის მთავარი პროდუქტი ციფრული ინვოისირების პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, შექმნას ინვოისი, გადააგზავნოს ის კლიენტთან ან დოკუმენტი PDF ფორმატში ჩამოტვირთოს. აღსანიშნია, რომ ჩვენი ციფრული პროდუქტი RS.ge-სთან არის ინტეგრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის საიტზე ინვოისების ატვირთვა ღილაკზე ერთი დაწკაპებით არის შესაძლებელი.

კერნელის დახმარებით მომხმარებელს შემოსავლევის მიმოქცევის ეფექტურად გაკონტროლება შეუძლიათ. ამასთანავე, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადმოწერონ ანგარიშები, რომლებიც ბუღალტრებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავენ და საკუთარი კომპანიის ანგარიშზე დაამატონ სხვადასხვა წევრი, რაც მათ რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს.

ამის გარდა, კერნელის გუნდმა ქართული ბაზრისთვის შექმნა ხელფასების მენეჯმენტის ციფრული სისტემა, რომლითაც მომხმარებელელს ერთი სივრციდან თანამშრომელთა ხელფასების მართვა და RS.ge-ზე ინფორმაციის ერთი დაწკაპებით ატვირთვა შეუძლია.

გვაქვს ფინანსური კალკულატორებიც, რომელთა დახმარებითაც მომხმარებლები უამრავ დროს ზოგავენ, რადგან მათ აღარ უწევთ ჩახლართული კალკულაციების დამოუკიდებლად წარმოება.

პირველი ნაბიჯები

ჩვენი პირველი ნაბიჯი პოტენციურ მომხმარებლებთან საუბარი იყო - იმის გარკვევა, კონკრეტულად რა აწუხებდათ მათ. შემდეგი საფეხური კი დაგეგმვის პროცესი გახლდათ - ვადგენდით, საიდან დაგვეწყო მუშაობა და საწყის ეტაპზე ამ დიდი პრობლემის რომელი კომპონენტის მოგვარებას შევჭიდებოდით.

ამის შემდეგ, საწყისი კაპიტალი მალევე მოვიზიდეთ და პირველი საცდელი პროდუქტი გავუშვით ბაზარზე. ამან საშუალება მოგვცა, მომხმარებლის პრობლემები კიდევ უფრო ფართოდ დაგვენახა, მათი უკუკავშირი გაგვეთვალისწინებინა და ჩვენი პროდუქტი გაგვეუმჯობესებინა.


სირთულეები

ჩვენი მთავარი სირთულე კონკურენტების არარსებობა იყო - საქართველოს ბაზარზე გასვლისას ადგილობრივი კონკურენტები, ფაქტობრივად, არ გვყავდა. ეს კი გარკვეული დოზით საქმეს ართულებს, რადგან მომხმარებელი პროდუქტით უბრალოდ კი არ უნდა დააინტერესო, არამედ მისი გამოყენების ჩვევა უნდა გამოუმუშაო. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს SaaS პროდუქტების გამოყენების კულტურა და გაციფრულების პროცესიც ახალი დაწყებულია.

მეორე გამოწვევა სწორედ გაციფრულების პროცესი იყო - მათთვის, ვინც ფინანსების ტრადიციული მეთოდებით მართვას არის მიჩვეული, ციფრულ პლატფორმებზე გადასვლა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. ამ პრობლემის წინაშე დავდექით ფილიპინებსა და ინდოეთშიც. თუმცა, დღემდე აქტიურად ვცდილობთ გაციფრულების პროცესისთვის ხელის შეწყობასა და მომხმარებლებისთვის ჩვენი ციფრული ხელსაწყოების უპირატესობების ნათლად დანახვებას.

მესამე სირთულეს კონკრეტულად ფილიპინურ და ინდურ ბაზრებზე წავაწყდით - საწყის ეტაპზე განსაკუთრებით რთული იყო მათი ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესება. ეს დიდწილად კულტურული განსხვავებით იყო განპირობებული, რამაც გადაგვაწყვეტინა, უფრო ახლოს გაგვეცნო ადგილობრივების ღირებულებები, რათა მათთან კომუნიკაცია გაგვმარტივებოდა. ამ გამოწვევაზე ამჟამად საერთაშორისო გუნდთან ერთად ვმუშაობთ - ორივე ქვეყნის ადგილობრივი წარმომადგენლები პოტენციურ მომხმარებლებთან თანამშრომლობაში გვეხმარებიან.

სტარტაპი დღეს

ამჟამად სამ ქვეყანაში - საქართველოში, ფილიპინებსა და ინდოეთში ვოპერირებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბაზრებზე სწრაფად ვიზრდებით და 30 ათასზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს.

ცოტა ხნის წინ ფილიპინებსა და ინდოეთში მობილური აპლიკაციაც გავუშვით. ფილიპინების ბაზრისთვის კი Xendit-თან ინტეგრაციას ვიწყებთ. ასევე, ფილიპინებში საბუღალტრო და ციფრული გადახდების პროგრამულ უზრუნველყოფასთან მნიშვნელოვანი კავშირები დავამყარეთ, ხოლო ინდოეთში შვილობილი კომპანიის შექმნის პროცესში ვართ.

ინვესტიციები Shark Tank-ამდე

2020 წელს GITA-ის 100,000-ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. სტარტაპის შექმნის საწყის ეტაპზევე ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მოზიდული ინვესტიციის მიზანმიმართულად გამოყენება. ამიტომ, ეს თანხა მინიმალური პრაქტიკული პროდუქტის (MVP) შექმნასა და საქართველოს ბაზრის ათვისებას მოვახმარეთ.

ინვესტიციის შემდეგი რაუნდი 2020 წლის ოქტომბერში 500 გლობალის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრას უკავშირდება. ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიაზე დავიწყეთ მუშაობა.

2021 წელს მოვიპოვეთ GITA-ის მეორე, 525,000-ლარიანი გრანტი და მის მისაღებად საჭირო ინვესტიცია მოვიპოვეთ. ეს თანხა სამ მნიშვნელოვან მიმართულებაში გამოვიყენეთ - ინდოეთისა და ფილიპინების ბაზრებზე პოზიციების გამყარება, მობილური აპლიკაციის შექმნა და გუნდის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წევრებით გაზრდა.

ამავე წლის ბოლოს 3 საერთაშორისო ინვესტორისგან და ,,დიჯითალ არეასგან” 250,000 დოლარის ინვესტიცია მივიღეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი საინვესტიციო რაუნდების გარდა, სტარტაპით არაერთი უცხოელი ინვესტორი ინტერესდება და ჩვენი პარტნიორების სიაც ნელ-ნელა იზრდება.

Shark Tank-ში მონაწილეობის მიზანი და გეგმები

ბოლო დროს განსაკუთრებით ვცდილობთ სტარტაპების ეკოსისტემაში აქტიურობას, რათა ჩვენი სტარტაპი და მისი ღირებულება ადამიანებს უფრო ფართოდ გავაცნოთ. რაც შეეხება Shark Tank-ში მონაწილეობას, ჩვენი მიზანი გამოცდილების მიღება იყო - გვინდოდა, დავკავშირებოდით საინტერესო ინვესტორებს, რომლებიც ჩვენს სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარებოდნენ.

Shark Tank-ზე მიღებულ ინვესტიციას ინდოეთის ბაზარზე საოპერაციო ხარჯების დაფარვასა და პროდუქტების განვითარებაში გამოვიყენებთ, რაშიც მობილური აპლიკაციის დახვეწა იგულისხმება.


სტარტაპის ზოგადი სამომავლო გეგმები

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომელ ბაზარზეც შევალთ, იქ მყარად მოვიკიდოთ ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ გაფართოებაზე. აქედან გამომდინარე, 2022 წელს ინდოეთსა და ფილიპინებში პოზიციების გამყარებას, ბაზრის უკეთ ათვისებასა და პროდუქტის დახვეწას დავუთმობთ.

ჩვენი მთავარი მიზანი მცირე ბიზნესებისა და ფრილანსერი ბუღალტრებისთვის ფინანსების მენეჯმენტის ყველაზე მარტივ, მორგებულ და ეფექტურ პლატფორმად გადაქცევაა. აქედან გამომდინარე, ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ და ჩვენი სამომავლო გეგმები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა.

პირველი მიმართულება არის პროდუქტის განვითარება, რომელსაც, თავის მხრივ, ორ ქვეკატეგორიად ვყოფთ:

პარნიორებთან ინტეგრაციები - აქ იგულისხმება საბუღალტრო პროგრამები, საგადახდო სისტემები, ბანკები, საგადასახადო სისტემები და სხვა საშუალებები, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ბიზნესპროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციის საშუალებას მისცემს.

ახალი ფუნქციონალის დამატება - სულ მალე ჩვენი ქართველი და ინდოელი მომხმარებლები კერნელის მობილური აპლიკაციით შეძლებენ სარგებლობას (იგი ფილიპინების ბაზარზე უკვე გავუშვით), რაც მათ საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გამოწერონ ინვოისები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია კიდევ უფრო მარტივად განახორციელონ. ამის გარდა, გეგმაში გვაქვს ხარჯების მოდულის დამატება, ხოლო ინდოეთსა და ფილიპინებში ვაპირებთ, განვავითაროთ ხელფასების სიტემა, რომელიც საქართველოში უკვე ფუნქციონირებს.

მეორე მიმართულება შეეხება ბიზნესის განვითარებას. ამ მხრივ, ძირითადად ინდოეთის უზარმაზარი ბაზრის ეფექტურ ათვისებაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ ქვეყანაში მომხმარებლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ფინანსური, ბუღატრული და საგადასახადო კუთხით. ამ ეტაპზე ვერკვევით, საიდან დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება - რომელი იქნება უფრო სწრაფი გზა წარმატებისკენ და რომელი მიაწვდის მომხმარებელს ყველაზე მეტ ღირებულებას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ფილიპინებში პროცესი სტანდარტიზებული გვაქვს - კარგად ვიცნობთ ბაზარს და ვიცით, რა სჭირდებათ მომხმარებლებს. როდესაც ინდოეთშიც ამ დონეს მივაღწევთ, შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებზეც, პაკისტანსა და ნიგერიაზე ვიფიქრებთ.

და ბოლოს, ჩვენი launchpad-ის პროდუქტი არის ელექტრონული ინვოისირების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისგან უკუკავშირი მივიღოთ და გავიგოთ მათი საჭიროებების შესახებ, რათა ჩვენი სამომავლო შეთავაზებები უკეთ განვსაზღვროთ და პროდუქტი მათ მაქსიმალურად მოვარგოთ.

კერნელის გუნდს გვჯერა, რომ ინფორმაციის გაცვლა და მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება განვითარების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ საინფორმაციო პლატფორმები გავაფართოოთ და არაფინანსურ აუდიტორიას გასაგები ენით მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია - ფინანსური რჩევები, რომლებიც მათ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.

პარალელურად, ჩვენი მომხმარებლების სურვილების გასაგებად სამ ეტაპს გავდივართ:

• ამჟამად, თითოეული სპრინტის განმავლობაში გუნდის ყველა წევრი საკუთარი ინიციატივით მინიმუმ ერთი ინტერვიუს ჩატარებას გეგმავს. რის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს.

• პროდუქტებს მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით ვქმნით, რომლებიც ყველაზე მეტად მათთან საუბრების განმავლობაში იკვეთება. შევიმუშავებთ ჰიპოთეზებს და წარმატების საზომს. ხოლო, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ მას შემდეგ გადავდივართ, რაც ამ მეტრიკების მიღწევას შევძლებთ.

• ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია პოტენციური მომხმარებლის მოლოდინისა და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინება. შესაბამისად, გადაწყვეტილებების სისწორეს მომხმარებელთა მცირე ჯგუფებში რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების საფუძველზე ვამოწმებთ. მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებელთა ჩართულობას ზრდის, ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე მუშაობას ვიწყებთ.

შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, კერნელის ციფრულ ფინანსურ ხელსაწყოებს სიახლეები მომხმარებელთა მოთხოვნის და საჭიროების მიხედვით შევმატოთ. ასევე, ჩვენი შემდეგი ნაბიჯია ხარჯების მოდულის განვითარება და კერნელის ისეთ პლატფორმად ჩამოყალიბება, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესები რუტინული ბიზნეს ოპერაციების გაკეთებას უმოკლეს ვადაში შეძლებენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკვე დავიწყეთ ფინანსური სერვისების ინტეგრირება ჩვენს პლატფორმაზე და ამ წლის ბოლომდე კერნელის მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები