მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბერკეტი არ გვაქვს" - მერია სავაჭრო ობიექტებში პლასტიკის პარკის რეალიზაციას ვერ შეამოწმებს

5ca23fd6accac
ლიკა გურაბანიძე
01.04.19 20:38
838
დღეიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაცია აიკრძალა, მაგრამ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების მიუხედავად, როგორც bm.ge-ის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა განუცხადა, „სხვადასხვა სახის ობიექტებზე შემოწმების პროცესი დღეიდან არ დაიწყება“.

მინისტრის მოადგილის თქმით, გეგმიური შემოწმებები ეტაპობრივად დაიწყება, მაგრამ ზუსტ დროს არ ასახელებს.

„ბუნებრივია, შემოწმება დღეიდან არ იწყება და მოქმედებას მხოლოდ რეგულაცია იწყებს. რაც შეეხება სამომავლოდ შემოწმების პროცესს, ეტაპობრივად გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების ფარგლებში გარკვეული მარკეტების და მწარმოებლების გადამოწმება მოხდება. ამ ეტაპზე კონკრეტულ პერიოდს ვერ დავასახელებთ,“ - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - ვის ვალდებულებას წარმოადგენს მარკეტების და მწარმოებლების ინსპექტირება, ლევან დავითაშვილის მოადგილემ განაცხადა, რომ დედაქალაქსა და თვითმმართველ ქალაქებში ზედამხედველობაზე პასუხისმგებლები თვითმართველი ორგანოები არიან, ხოლო წარმოების ნაწილში, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ფაქტების აღმოჩენასა და დარღვევების გამოვლენაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახდენს რეაგირებას.

bm.ge კომენტარისთვის თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ ინსპექტირება მათ არ შეუძლიათ.

„მერიას არ აქვს ბერკეტი, რომ პლასტიკის პარკების რეალიზაცია გააკონტროლოს. კონცეპტუალური შეთანხმება გვაქვს სამთავრობო უწყებებთან, რომ ობიექტების ინსპექტირების პრეროგატივა სხვა უწყებას გადაეცეს“, - განმარტავენ მერიაში.

რაც შეეხება იმას, რა უნდა მოიმოქმედოს იმ ბიზნესოპერატორმა, ვისაც პლასტიკის პარკის მარაგი აქვს, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ბიზნეს სუბიექტებს ურჩევს, პლასტიკის პარკები მწარმოებლებს დაუბრუნონ, ისინი კი, გადაამუშავებენ და მისგან ნარჩენების გასატანი პარკების წარმოება მოხდება.

ვინ უნდა გააკონტროლოს პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია?

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, შესაბამისობის კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული  "პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, დღეიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება.

აღნიშნული დადგენილება ორ ეტაპად შევიდა ძალაში. პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის თანახმად, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა, ისევე როგორც – ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ამავე დადგენილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია საქართველოს სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან რეალიზაციას.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო მეწარმე სუბიექტი 500 ლარითა და შესაბამისი პროდუქტის კონფისკაციით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით და ამჯერადაც, პროდუქტის კონფისკაციით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები