მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Berkshire Hathaway-მ წერილი გამოაქვეყნა — რას უყვება უორენ ბაფეტი ინვესტორებს?

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფინანსურმა ჰოლდინგმა, ინვესტორების მიერ $1 ტრილიონად შეფასებულმა Berkshire Hathaway-მ ტრადიციული წერილი გამოაქვეყნა. აქციონერებს წელსაც კომპანიის თავმჯდომარე, უორენ ბაფეტი მიმართავს, რომელიც კომპანიის განვლილ წელიწადს აჯამებს და ჰოლდინგის სამომავლო განვითარებაზე წერს. მის გვერდით აღარაა Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლი მანგერი, რომელიც გასულ წელს ასი წლისა გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მარადიული ცხოვრება არც თუ ისე შორს არის თავად უორენ ბაფეტისგან.

მილიარდერი ინვესტორის თქმით, არც თუ ისე დიდი დრო არის დარჩენილი იქამდე, როცა Berkshire-ის დირექტორი გრეგ ეიბელი გახდება და ყოველწლიურ წერილსაც, სწორედ ის დაწერს. “გრეგი იზიარებს Berkshire-ის სულისკვეთებას და სჯერა, რომ ყოველწლიური ანგარიში ის ვალდებულებაა, რომელიც Berkshire-ის გენერალურ დირექტორს კომპანიის მფლობელების წინაშე აქვს. გრეგი ხვდება იმასაც, რომ ადამიანი, რომელიც აქციონერებს ატყუებს, სისულელეს თავადაც იჯერებს, ანუ თავის თავსაც ატყუებს”, - წერს უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის მიერ ინვესტორებისადმი გაგზავნილ წერილში.

2025 წლის წერილში — ისევე, როგორც ყოველ წელს — უორენ ბაფეტი იყო არა მოზომილი, როგორც ეს ფინანსური კომპანიების ტრადიციულ ხელმძღვანელებს სჩვევიათ, არამედ ალალი და ბრძენი. ეს არ უნდა გვიკვირდეს, რადგან Berkshire Hathaway-ის წერილი სწორედ ის წერილია, სადაც სიბრძნეს უფრო ვხვდებით, ვიდრე რიცხვებს. წლევანდელ წერილში, უორენ ბაფეტი ღიად და დაუფარავად წერს შეცდომებზე, რადგან შეცდომების აღიარება ერთ-ერთი ის თვისებაა, რომელიც მას სხვა ინვესტორებისგან გამოარჩევს. მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი წარმატებისთვის. თუმცა შეცდომა რომ არა, შესაძლოა, დღეს არც Berkshire Hathaway-ი ყოფილიყო.

“სამოცი წლის წინ, Berkshire-ის მართვის სადავეები ამჟამინდელმა მენეჯმენტმა გადაიბარა. ეს შეცდომა იყო – ჩემი შეცდომა – და ის ჩვენს კომპანიას ორი ათწლეულის განმავლობაში ტანჯავდა. ჩარლი, უნდა აღვნიშნო, ჩემს აშკარა შეცდომას მაშინვე მიხვდა: მიუხედავად იმისა, რომ Berkshire-ის ფასი იაფი ჩანდა, ინდუსტრია, რომელშიც ის იყო – ტექსტილის წარმოება – გადაშენების პირას იყო.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, Berkshire-ის მომავლის შესახებ უტყუარი სიგნალი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს ჰქონდა მიღებული. 1965 წელს კომპანიამ ერთი ცენტიც კი არ გადაიხადა შემოსავლის გადასახადის სახით – ეს არის სირცხვილი, რომელიც კომპანიას ათწლეულის განმავლობაში გაჰყვა. ასეთი ეკონომიკური ქცევა გასაგებია ახალბედა და პერსპექტიული სტარტაპისთვის, მაგრამ მაშინ, როცა ეს ამერიკული ინდუსტრიის ერთ-ერთ ბურჯს ეხება, საქმე ყვითელ მოციმციმე ნიშანთან გვაქვს. Berkshire-ი გადაშენების გზას დაადგა.

ახლა კი, გადავინაცვლოთ 60 წლით წინ და წარმოვიდგინოთ სახაზინო დეპარტამენტის გაოცება, როცა იგივე კომპანიამ, რომელიც ისევ Berkshire Hathaway-ის სახელით ოპერირებს, ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა შეიტანა კორპორაციული გადასახადების სახით — გაცილებით მეტი, ვიდრე იმ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, რომელთა საბაზრო ღირებულება ტრილიონებს ითვლის.

უფრო კონკრეტულად, Berkshire-მა გასულ წელს აშშ-ის საგადასახადო სამსახურს ოთხ ტრანშად $26.8 მილიარდი გადაუხადა. ეს დაახლოებით 5%-ია იმ თანხისა, რასაც მთელი კორპორაციული ამერიკა იხდის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გადავუხადეთ დიდი ოდენობის გადასახადები უცხოურ მთავრობებს და 44 შტატის ხელისუფლებას.

გადასახადების რეკორდული მოცულობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ის, რომ 1965-2024 წლებში Berkshire-ის აქციონერებმა დივიდენდი მხოლოდ ერთხელ მიიღეს. ეს 1967 წლის 3 იანვარს მოხდა, როცა $101,755-ის დივიდენდი გავეცით, რაც თითო აქციაზე 10 ცენტის ტოლი იყო. ვერ ვიხსენებ, რატომ შევთავაზე ეს ნაბიჯი Berkshire-ის დირექტორთა საბჭოს, მაგრამ ახლა ეს ცუდი სიზმარივით მეჩვენება.

სამოცი წლის განმავლობაში, Berkshire-ის აქციონერებმა არაერთხელ დაუჭირეს მხარი უწყვეტ რეინვესტირებას, რაც კომპანიას შემოსავლის გაზრდის საშუალებას აძლევდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში ჩვენ მიერ შეტანილი თანხები, რომლებიც, პირველ ათწლეულში უმნიშვნელო იყო, ახლა 101 მილიარდ დოლარს აღემატება… და კვლავ იზრდება”, — ვკითხულობთ უორენ ბაფეტის წერილში.

აქვე, ორიოდ წუთით შევჩერდეთ რიცხვებზე. გასულ წელს, Berkshire Hathaway-მ $47.4 მილიარდის საოპერაციო მოგება დააფიქსირა, რაც 2023 წლის შედეგს 27%-ით აღემატება. თან, უორენ ბაფეტის კომპანიამ ეს იმის ფონზე მოახერხა, რომ ჰოლდინგში შემავალი 189 კომპანიიდან 100-ის შემთხვევაში შემოსავალი შემცირდა. ეს კლება აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობიდან მიღებულმა შემოსავალმა დააბალანსა, ხოლო თავად T-Bill-ების პორტფელი, კომპანიამ მკვეთრად გაზარდა. შემოსავლის დიდი ნაწილი, კერძოდ $26.8 მილიარდი Berkshire Hathaway-მ გადასახადებში გადაიხადა. ამ მხრივ, უორენ ბაფეტი საინტერესო ვიზუალიზაციას გვთავაზობს. იმ შემთხვევაშიც კი, უორენ ბაფეტს აშშ-ის ხაზინადარისთვის $1 მილიონის მოცულობის გადასახადები ყოველ ოც წუთში რომ გადაეხადა, გასულ წელს ჯამურად გადახდილ თანხაზე მაინც ვერ ავიდოდა.

“Berkshire-ის საინვესტიციო საქმიანობა ორმხრივია. ერთი მხრივ, ვაკონტროლებთ მრავალ ბიზნესს, რომელთა გავლით ინვესტირებულ კომპანიებში მინიმუმ 80%-იან წილს ვფლობთ. როგორც წესი, კომპანიის 100%-იან წილს ვფლობთ. ამ 189 შვილობილ კომპანიას და საჯარო კომპანიებს შორის მსგავსება ნამდვილად არის, მაგრამ ისინი იდენტური არ არის. ამ კომპანიების ჯამური ღირებულება ასეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს და მათ შორის რამდენიმე მარგალიტს, ბევრ კარგს, მაგრამ არასრულყოფილ ბიზნესს და ზოგიერთ ჩამორჩენილ კომპანიას ვხვდებით, რომელთაც იმედი გაგვიცრუეს. არ ვფლობთ კომპანიას, რომელიც სერიოზული ტვირთია, მაგრამ პორტფელში არის რამდენიმე, რომლებიც არ უნდა გვეყიდა.

მეორე მხრივ, შედარებით მცირე წილებს ვფლობთ ათობით დიდ და ძალზე მოგებიან კომპანიაში, რომელთა სახელები ყველამ იცის — Apple, American Express, Coca-Cola და Moody’s. ბევრ ამ კომპანიას საოპერაციოდ საჭირო მატერიალურ კაპიტალზე ძალზე მაღალი უკუგება აქვს. წლის ბოლოს, ის კომპანიები, რომლებშიც მინორიტარულ წილს ვფლობთ, 272 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. გასაგებია, რომ მართლაც გამორჩეული კომპანიები იშვიათად იყიდება მთლიანად, მაგრამ ამ მარგალიტების მცირე წილების ყიდვა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, უოლ-სტრიტზე შეგიძლიათ, სადაც ისინი ბრწყინვალე ფასად იყიდება”, — წერს უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის მიერ ინვესტორებისადმი გაგზანილ წერილში.

როგორც ცნობილია, Berkshire Hathaway-ის პორტფელში შემავალი კომპანიები დიდძალ შემოსავალს და მოგებას აგენერირებენ, რომელსაც უორენ ბაფეტი ახალი კომპანიების შესაძენად იყენებს. თუმცა გასულ წელს, ვითარება მცირედით განსხვავებული იყო, რადგან Berkshire Hathaway-ის ხაზინაში ასობით მილიარდი დოლარის ნაღდი ფული დარჩა, რომელიც კომპანიამ აშშ-ის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განათავსა. გამომდინარე იქიდან, რომ უორენ ბაფეტი ღირებულებაში ინვესტირების, ე.წ. Value Investing-ის ფილოსოფიას მიჰყვება, რაც ისეთ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, რომლებიც ბაზრის მიერ დღეს მათ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად არის შეფასებული, არსებობს ვარაუდი, რომ კაპიტალის ბაზარი გადახურებულია.

“იმის ფონზე, რომ ზოგიერთი კომენტატორი Berkshire-ის ნაღდი ფულის ამჟამინდელ პოზიციას ძალიან დიდად აღიქვამ, თქვენი ფულის უმეტესი ნაწილი მაინც აქციებში არის ინვესტირებული და ეს პრიორიტეტი არ შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საჯაროდ დალისტულ კომპანიებში ჩვენი წილი $354 მილიარდიდან $272 მილიარდამდე შევამცირეთ, არაკოტირებული და ჩვენ მიერ მართული აქციების ღირებულება მცირედით გაიზარდა და კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება იმ კომპანიების ღირებულებას, რომლებიც ბირჟაზე ივაჭრება.

Berkshire-ის აქციონერებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი კაპიტალის უმეტეს ნაწილს ყოველთვის აქციებში განვათავსებთ – ძირითადად ამერიკული კომპანიების აქციებში, რომელთაგან ბევრი საერთაშორისოდ ოპერირებს. Berkshire-ი არასდროს აირჩევს ნაღდ ფულთან გათანაბრებული აქტივების ფლობას, როცა შეუძლია, პორტფელში კარგი ბიზნესი ჰქონდეს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ მართავს.

თუ ფისკალური უგუნურება გაბატონდება, ქაღალდის ფული სწრაფად გაუფასურდება. ზოგიერთ ქვეყანაში ეს უპასუხისმგებლო პრაქტიკა ჩვევადაც კი იქცა, ხოლო აშშ-ის მოკლე ისტორიაში ქვეყანამ რამდენჯერმე მიაღწია ამგვარი კრიზისის ზღვარს. გაუფასურებული ვალუტისგან ფიქსირებული კუპონის მქონე ობლიგაციები ვერ დაგვიცავს.

კომპანიები, ისევე, როგორც ნიჭიერი ინდივიდები, ყოველთვის გამონახავენ გზას მონეტარულ არასტაბილურობასთან გასამკლავებლად — იგივე შეიძლება ითქვას პირად უნარებზეც. სპორტული ნიჭის, არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების, სამედიცინო ან იურიდიული უნარების, ან ზოგადად რაიმე განსაკუთრებული ნიჭის გარეშე იძულებული ვიყავი, მთელი ცხოვრება აქციებისთვის მიმენდო. შედეგად, პირდაპირ ვიყავი დამოკიდებული ამერიკული კომპანიების წარმატებაზე და ეს მომავალშიც ასე იქნება”, — წერს უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის მიერ ინვესტორებისადმი გაგზავნილ წერილში.

უორენ ბაფეტის და ჩარლი მანგერის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნებული Berkshire Hathaway-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ჰოლდინგია, რომელიც კაცობრიობას ოდესმე უნახავს. დღეს, Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის პლანეტაზე მეცხრე ადგილს იკავებს. გამომდინარე იქიდან, რომ Berkshire-ი საჯარო კომპანიის სტატუსს უორენ ბაფეტამდეც ატარებდა, ახალი მენეჯმენტის პირობებში ოფიციალური IPO არ მომხდარა. 1996 წელს, უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის B-კლასის აქციები გამოუშვა, რომელთა ფასმა ამ პერიოდში თითქმის 1,900%-ით იმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები