ელჩის რამდენიმე კვირის წინ ბერლინში კონსულტაციებისთვის გამოძახება „ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის“, - ამის შესახებ გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
როგორც გამოცემა STERN-ი წერს, ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა მოელის, რომ საქართველოში „ელჩზე პირადი თავდასხმები თავიდან იქნება აცილებული“.
გერმანიის საგარეო უწყებამ პეტერ ფიშერის გამოძახების მიზეზად „უსაფუძვლო ბრალდებები“ და „საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან აგრესიული რიტორიკა“ დაასახელა.
„მრავალი თვის განმავლობაში, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის მიმართ სიძულვილს აღვივებდა“, - განაცხადეს ბერლინში ოქტომბრის შუა რიცხვებში, როცა ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტეს.
ახლა კი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფიშერი „გააგრძელებს თავის თავდადებულ საქმიანობას“ საქართველოში დაბრუნების შემდეგ. გერმანული მედია წერს, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები გაიმართა. „ჩვენ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. ჩვენს შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ“, - განაცხადა პრესსპიკერმა ბერლინში.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი ფიშერის ბერლინში კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ორი დღის წინ კი გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.




























