მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი თბილისში კონცერტს გამართავს

სს

"სილქ როუდ ჯგუფისა" და წინანდლის ფესტივალის მოწვევით ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 2 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტს გამართავს.

ისტორიული ევროპაკონცერტის წინანდლის მამულში გამართვის შემდეგ მაესტრო დანიელ ბარენბოიმი და ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი თბილისში შეხვდებიან კლასიკური მუსიკის მოყვარულებს.

„მოხარული ვარ, რომ გარდა ისტორიული ევროპაკონცერტისა, რომელიც 1 მაისს წინანდალის მამულში გაიმართება, მეორე კონცერტის ჩატარებაც გახდა შესაძლებელი. მიხარია, რომ "სილქ როუდ ჯგუფს" ხვდა პატივი ვუმასპინძლოთ მუსიკის ამ ზეიმს. მადლობა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს იმისთვის რომ საქართველოში ორი კონცერტის გამართვაზე დაგვთანხმდა და მადლობა თბილისის მერიას, ასევე ყველა პარტნიორს, რომელთა თანადგომითაც გახდა შესაძლებელი, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული მაესტრო ბარენბოიმის დირიჟორობით ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ვირტუოზმა შემსრულებლებმა შუბერტის, ბრამსის და ბეთჰოვენის გენიალური მუსიკა გააჟღერონ," - განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წლის პირველ მაისს დაარსდა და ფართოდ არის აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრად, რომელიც ვირტუზული შესრულებით და მძლავრი ჟღერადობით გამოირჩევა. მისი საპატიო დირიჟორია დანიელ ბარენბოიმი.

„დიდი ხანია მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს პირველ სტუმრობას. ვერ წარმომიდგენია უკეთესი პარტნიორი ამ განსაკუთრებული ღონისძიებისთვის, ვიდრე ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და ლიზა ბათიაშვილი და ნამდვილად მოუთმენლად ველი ჩვენს ერთობლივ კონცერტებს,"- განაცხადა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორმა დანიელ ბარენბოიმი.

„თბილისის მერია ყოველთვის ეხმაურება და მხარს უჭერს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და აისახება დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე. ამჯერადაც ჩავერთეთ ამ ძალიან საინტერესო პროექტში და ვფიქრობ, ქართველი მსმენელი დიდ სიამოვნებას მიიღებს „ბერლინ ფილარმონიკის“ კონცერტისგან“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

2 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება ფრანც შუბერტის, იოჰანეს ბრამსის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

ღონისძიების ორგანიზატორი: Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი

ღონისძიების წარმდგენი: TBC Concept - თიბისი კონცეპტი

პროექტის მხარდამჭერი: თბილისის მერია / Tbilisi City Hall

პარტნიორები: Visa, Mercedes-Benz Georgia, Silk Rewards, Deutsche Lotterie Postcode, Friends of the Berliner Philharmoniker, Siemens

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები