ბერლინში, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA-ში 11 ქართული კომპანია მონაწილეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, ქართული კომპანიები გამოფენაში მათი მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იღებენ მონაწილეობას.
მათ შორისაა, ლურჯი მოცვის, მშრალი ხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდ ბერიზ“, „კოლხური კენკრა“, „აგრითაჩი“, „გეო აგრო ესთეითი“, „ხონის პლანტაციები“, „ჯეო ორგანიკი“, „ალფაინ სფაისის“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა „FRUIT LOGISTICA“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოებისთვის. წელს გამოფენაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი 9 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
„ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი. საქართველოს აქვს როგორც ხარისხის, ასევე სეზონურობის უპირატესობა, რაც ქართულ პროდუქციას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. მსგავსი გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ექსპორტის მოცულობების ზრდის, სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების მდგრადი განვითარებისათვის“, – აღნიშნა გიორგი ავალიანმა.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
საერთაშორისო გამოფენა 4 თებერვალს გაიხსნა და 6 თებერვალს დასრულდება.



























