მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბესიკ შენგელია სესხების განულებაზე: ვისურვებდი ეს გავრცელებულიყო ფაროსანასგან დაზარალებულებზე

5ca09dbec8d97
დავით ჯალაღონია
31.03.19 20:50
2685
საფინანსო სექტორის წარმომადგენლები სესხების განულების პროგრამას აფასებენ. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესიკ შენგელიამ გადაცემაში "Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" საუბრისას განაცხადა, მთავრობის ამ ინიციატივამ თავიდანვე ბევრი კითხვა გააჩინა.

"თავიდანვე მიგვაჩნდა, რომ ეს ცოტა უხერხული იყო კეთილსინდისიერ გადამხდელებთან მიმართებაში, ასევე პრობლემურ სესხებთან მიმართებაში. ჩვენ მაინც ვემხრობოდით იმ იდეას, რომ უმჯობესი იყო, ყოფილიყო კრიტერიუმი, თუ ვის ჩამოეწერებოდა ვალი. სამწუხარდ, ჩვენი დაკვირვებით მოხდა ის, რომ სწორედ, ასეთ ტერმინს თუ შემოვიტანთ – კრედიტომანების სასარგებლოდ უფრო აისახა, ანუ საკმაოდ დიდი ვალდებულებები ჩამოეწერა ადამიანებს, რომელთაც თავიდანვე ჰქონდათ გამიზნული, რომ ამ სესხებს არ დააბრუნებდნენ. მე ვისურვებდი, რომ მსგავსი ინციიატივა გავრცელებულიყო მაგალითად, მეწარმეებზე, ვისაც დევალვაციის ფონზე შეექმნათ პრობლემა, ან მათზე, ვისაც სამეგრელოში, ფაროსანას შემოსევის ფონზე აქვთ პრობლემები და ა.შ:, – განაცხადა ბესიკ შენგელიამ.

ამავე პროგრამის შეფასებისას, როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, პროგრამის ავკარგიანობაზე საუბრისას მხოლოდ ისმის თქმა შეიძლება, რომ მსგავსი გლობალური გადაწყვეტილებების მაგალითები ბევრი არ არსებობს.

"ასეთი გლობალური გადაწყვეტილების ხშირი მაგალითები არ გვაქვს. დღეის მდგომარეობით გვაქვს ის სიტუაცია, რომ 600 ათასი ადამიანის ვალდებულება აღარ არსებობს და ეს 600 ათასი ადამიანი იწყებს საუბარს ფინანსურ სექტორთან", – განაცხადა ძნელაძემ.

ცნობისთვის: ვალების განულების საიტის vali.ge-ის მიხედვით, სულ სესხი 615 ათას პირს ჩამოეწერა, ჯამური დავალიანების თანხამ კი 4 მილიარდ 104 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, რა დაუჯდა რეალურად "ქართუ ჯგუფს" სესხების განულების პროგრამა, უცნობია. პროგრამაში 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო ორგანიზაცია ჩაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები