მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბესო ნამჩავაძე: ბანკის აქციონერისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის აკრძალვა შეუძლებელია

588cfe0ce6b3a
BM.GE
29.01.17 13:30
1529
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წლის 25 იანვარს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასა და არაპროფილური აქტივების თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე საუბრობს.

ბატონო ბესო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ განმარტებებს როგორ შეაფასებთ?

- შეიძლება ითქვას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ამაღლება უკვე გარდაუვალი იყო და აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯი გამართლებულია. თუ ეროვნული ბანკი ელოდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გადასცდება, რაც დღეს 4%-ის დონეზე აქვს, ის ვალდებულიც კია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აამაღლოს. სულ სხვა საკითხია ამ გაზრდილ მოლოდინებამდე რამ მოგვიყვანა. ერთი არის, ლარის კურსის გაუფასურება და მეორე - აქციზის გადასახადის ზრდა. შესაძლოა, დღეს ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს ინფლაციის კუთხით, ვიდრე ლარის კურსის გაუფასურება. ამიტომ მთავრობამ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რამაც ქვეყანაში ინფლაციის დონე გაზარდა. ამის საპასუხოდ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუხდა, რაც თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის დაზიანებას ნიშნავს, ანუ პროცენტი გაიზრდება და ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. ამასთან ერთად, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვისაც სესხი ლარში აქვს ან მას, ვინც მომავალში აპირებს სესხის აღებას ლარში სესხი გაუძვირდება, იგივე ლარიზაციის პირობებში აღებული სესხები, როდესაც 100 000 ლარამდე სესხის აღება დოლარში აიკრძალა. ესე იგი, დღეს ის ნაბიჯი გადაიდგა, რომ ლარში სესხი გაძვირდა და თან იძულებული ხარ, სესხი მხოლოდ ლარში აიღო. ეს ტექნიკური მხარეა, ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ ჰქონდა, ეს უნდა გაეკეთებინა, რადგან ინფლაციას მაღალ დონეზე ვერ მიუშვებდა. აღნიშნავენ, რომ თუ ეკონომიკაში რაღაც ძალიან კარგი მოხდა, ეს შესაძლოა გადაფაროს, მაგრამ იგივე პირობებში ლარში გასაცემი სესხები 0,25%-ით აუცილებლად გაძვირდება.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში 7%-მდე გაზრდა მოხდება. შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს უფრო გაემკაცრებინა და ეს 0,25% საკმარისი იყო?

- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გარკვეულ გათვლებს ემყარება და იქ არის ე.წ. ჩამორჩენის პერიოდი და ალბათ ტექნიკურად ეს გამართლებული იყო და გავლენაც ექნება. თუმცა საშუალოვადიან პროგნოზს თუ შევხედავთ, ისინი გასული წლის შუა პერიოდში ამბობდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთს თანდათან 6%-მდე ჩამოიყვანდნენ, მაგრამ მხოლოდ 6,5%-მდე ჩამოიყვანეს და ახლა ისევ ზრდა დაიწყეს. მათი საშუალოვადიანი პროგნოზი ამასთან დაკავშირებით, არ გამართლდა, იმიტომ რომ ეკონომიკაში გარკვეული სიტუაციები უარესობისკენ წავიდა და მონეტარული პოლიტიკის ისევ გამკაცრება მოუწიათ. ჯამში 6,75% საკმაოდ მაღალია. რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში 4%-იც კი იყო და მგონი უფრო ცოტაც. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ზოგადად შემდეგ საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა დაიწიოს, ეკონომიკის დაკრედიტებასა და ზრდას ხელი შეეწყოს.

- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ილია წულაიას არაპროფილურ აქტივებზე ინიციატივა აქვს. არის თუ არა დღეს საჭიროება, რომ აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს?

- გარკვეულ დონეზე დარეგულირებულია. მე არ ვარ მომხრე, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს. ზოგადად უსამართლობაა, არაეფექტურიც იქნება და ვერც გააკონტროლებენ. ეს არის პოპულისტური ნაბიჯი ვიღაცის გულის მოსაგებად. თუ ბანკს ეკრძალება, მაშინ არაპროფილური საქმიანობა ყველა მსხვილ ბიზნესს უნდა აეკრძალოს. თუ არ მიხვალ იქამდე, რომ აქციონერებს აუკრძალო არაპროფილური საქმიანობა, ეს საერთოდ შეუძლებელია და საერთოდ დავაქცევთ ყველაფერს თუ კი რამ არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ბანკის მფლობელი ცალკე თუ გახსნის იურიდიულ კომპანიას და იქიდან დაიწყებს სხვა საქმიანობას, ტექნიკური განსხვავება იქნება.

- ხშირად გაჟღერებულა მოსაზრება, რომ ბიზნესი იმიტომ ვერ ვითარდება, რომ ბანკში კონკურენტს ხედავს ...

- ეროვნული ბანკის რეგულაციები დღესაც შეზღუდულია და საქართველოს ბანკს m2 გამოეყო, როდესაც ეს რეგულაციები გაამკაცრეს, მაგრამ ამის უკან საერთო აქციონერები დგანან და მაშიმ კიდევ უფრო სიღრმეებში უნდა წავიდეთ და დამფუძნებლებს სხვა საქმიანობის კეთება საერთოდ უნდა აეკრძალოთ და მე ეს სწორად არ მიმაჩნია, რადგან ამ ლოგიკით მაშინ ნავთობ კომპანიებსაც უნდა ავუკრძალოთ სუპერმარკეტებისა და სხვა ბიზნესების გახსნა, იმიტომ რომ მათ ბევრი ფული აქვთ და სხვას არ აქვს ამდენი. ვფიქრობ, სადღაც გაიხლართებიან და ბოლოს გაჩერდებიან ან ძალიან ცუდ კანონს მივიღებთ. ბანკი თუ კარგ მდგომარეობაში იქნება ეს ყველა კომპანიისთვის კარგია, რადგან უფრო დაბალ პროცენტში და გრძელვადიან სესხს აიღებს. ამას მეორე მხარეც აქვს - გავაკოტროთ ბანკები და ყველა კომპანია დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები