საქართველოში აზარტული თამაშების სექტორის ყოველწლიური შემოსავლები 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამ სფეროს უმსხვილესმა წარმომადგენლებმა საკუთარი ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება დაიწყეს.
კომპანია “დეიდრიმ უნივერსალ საქართველოს” (ბრენდული სახელი ბეთლაივი) წლიური ანგარიშის მიხედვით, კომპანია ტოტალიზატორების, სლოტ აპარატებისა და სხვა აზარტული თამაშების მოწყობის ლიცენზიას ფლობს. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “დეიდრიმ უნივერსალმა” 2017 წლის განმავლობაში სათამაშო აპარატებიდან და ტოტალიზატორიდან 277,719,962 ლარის მთლიანი შემოსავალი მიიღო, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 8 მილიონი ლარით აღემატება.
კომპანიამ მოთამაშეებზე მოგების სახით 255,371,088 ლარი გასცა. “დეიდრიმ უნივერსალის” მთლიანმა ხარჯებმა 274,349,885 ლარი შეადგინა, შედეგად, კომპანიის წმინდა მოგება 2017 წელს 4.1 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის ბრუნვის ეს მოცულობა უმსხვილესი ნავთობკომპანიებისა და სავაჭრო ქსელების ბრუნვის მსგავსია.
ანგარიშის მიხედვით, "დეიდრიმ უნივერსალ საქართველო" 2011 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა. 50%-50%-იან წილებს ფლობენ კომპანია “ნერფლადა გრუპი” და სულიკო ვარსემაშვილი.
ონლაინ-კაზინო “ბეთლაივი” "დეიდრიმ უნივერსალის” შემადგენლობაში არაა და ის დამოუკიდებელი იურიდიული პირის სახით ოპერირებს. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მისი მთლიანი შემოსავალი 2017 წელს 46 მილიონი ლარი, ხოლო მოგების სახით გაცემული თანხა კი 40.5 მილიონი ლარი იყო.
ონლაინ-კაზინომ 2017 წელი 11 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

























