Betobe ახალი სოციალური ქსელია, რომელიც სპეციალურად ბიზნესისთვის შეიქმნა. პლატფორმა კომპანიებს დაეხმარება პარტნიორების მოძიებასა და დანახარჯების შემცირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრები ხშირად ხარჯიანია და შესაძლოა უშედეგოდაც დასრულდეს.
Betobe-ს ოპერაციული დირექტორი, მიხეილ ნემსიწვერიძე „საქმიან დილაში“ ბიზნეს-სოციალური ქსელის შექმნის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პარტნიორების მოძებნის გამარტივებაა. betobe შუამავალი რგოლების მაქსიმალურად გაქრობას ეცდება, რათა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პროდუქტი მარტივად მივიდეს.
„რაში შეიძლება დასჭირდეს ბიზნესს betobe?
როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის პროდუქციას, სურს მოძებნოს ახალი პარტნიორი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ამისთვის ხშირად მიდიან კონფერენციებზე, გეგმავენ B2B შეხვედრებს, თუმცა კონკრეტულად საიდან უნდა დაიწყონ, ეს არც ისე ცალსახაა. ამიტომ შევქმენით პლატფორმა, სადაც ადამიანები მოძებნიან პარტნიორებს. ასევე გვსურს მაქსიმალურად ამოვიღოთ შუამავალი რგოლები. მაგალითად, თუ თქვენ დაგჭირდათ ღონისძიებისთვის ბრენდირებული ღვინის ყიდვა, საშუალება გექნებათ პირდაპირ მწარმოებელს დაუკავშირდეთ და მაღაზიიდან შეძენა აღარ მოგიწევთ, მწარმოებელიც გაყიდის პროდუქციას და თქვენც ფასნამატის გარეშე მიიღებთ პროდუქტს“ - აცხადებს ნემსიწვერიძე.
რაც შეეხება პოპულარიზაციის მოპოვებას, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თავდაპირველად ნაცნობი ხერხებით ეცდებიან მომხმარებლის მიზიდვას, იქნება ეს კონფერენციების ჩატარება თუ სოციალურ ქსელში აქტიურობა.
„betobe-ზე აბსოლუტურად ყველას შეუძლია დარეგისტრირება. კომპანიით დაწყებული, მომხმარებლით დამთავრებული. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავამატეთ საცალო პროდუქტების გაყიდვა და პირდაპირ შეუძლია მომხმარებელს პროდუქტის შეძენა. კომპანიებს რაც შეეხებათ, შეუძლიათ გარკვეული პარტია იყიდონ, სპეციალური პანელი გვაქვს შექმნილი, რომელიც მათ მოლაპარაკებას უმარტივებს. პლატფორმა გამოსაყენებლად ძალიან მარტივი და ინტუიტიურია“ - განაცხადა betobe-ს ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ტაბატაძემ.
ამჟამად სოციალური ქსელი პროდუქტზეა მორგებული, მომავალში კი მომხმარებლებს უკვე სხვადასხვა სერვისის მიღებაც შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში Betobe მსოფლიოს მასშტაბით გადაზიდვის სერვისსაც შემოგთავაზებთ.
„მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ჩავეშვით, PR-იც და მარკეტინგიც ახალი დაწყებული გვაქვს, თუმცა გარკვეულ წარმატებას უკვე მივაღწიეთ, რადგან ამჟამად ვებ-გვერდზე რამდენიმე ასეული კომპანიაა დარეგისტრირებული. აქედან 35% ქართული კომპანიაა, ძირითადი დაინტერესება მაინც უცხოური კომპანიებისგან მივიღეთ. რაც შეეხება გადაზიდვებს, betobe-მდე სწორედ ამ საქმით ვიყავით დაკავებული, გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძალიან ბევრი აგენტი, რომელიც საუკეთესო ფასის შენარჩუნებაში გვეხმარება“ - განმარტავს ნემსიწვერიძე.

























