„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პროექტის განვითარების ამჟამად არსებულ ეტაპზე საუბრობს.
როგორც ახვლედიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
„ეს არის ურთულესი მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს 200 მილიონიან კონტრაქტზე, ის უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებულს გამოვაცხადებთ. ასევე, უკვე დამთავრდა ტენდერი ამწეებისა და დანადგარების შესყიდვაზე, რომელიც 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტია და გამარჯვებულის გამოცხადებას უახლოეს მომავალში ვაპირებთ. ძალიან საინტერესო კანდიდატები მონაწილეობენ. ჩვენი ტექნიკური რესურსი ამ მიმართულებით არის კონცენტრირებული.
ასევე, ჩვენი გუნდის რესურსი მიმართულია ბანკებთან მოლაპარაკებებზე, იმ ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან მოლაპარაკებაზე, რომელიც 400 მლნ აშშ დოლარამდე საკრედიტო ხაზს გამოყოფს. ის პროცესი, რაც მათთან მიმდინარეობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვგეგმავთ, როგორც იყო დაგეგმილი, რომ ამ ზაფხულს დავხუროთ მათთან ფინანსურად მოლაპარაკებები და გადავიდეთ მშენებლობის მეორე ეტაპზე, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება 2020 წლის ბოლო, თუ 2021 წლის დასაწყისი, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამ პროცესებზე, რომ ჩვენ რაც დავპირდით, როგორც მთავრობას, ისე მოსახლეობას, შევასრულოთ პირნათლად, რომ ამ პორტმა შეძლოს ოპერირების დაწყება, რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 620 მილიონი აშშ დოლარი ჯდება, საიდანაც 400 მილიონი საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა დააფინანსონ, 100 მილიონს საპარტნიორო ფონდი გამოყოფს, დანარჩენი თანხის ინვესტირება კი თავად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა უზრუნველყოს.

























