მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრ შემთხვევაში კომპანიები კონცენტრაციებს ჩვენთან შეტყობინების გარეშე ახორციელებენ" - GCCA

გიორგი ქედელიძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში ეკონომიკური აგენტების 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, მათგან 11 931 შემთხვევაში კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების ერთობლივი შემოსავალი, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 7 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.

როგორც "საქმიან დილაში" კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ განაცხადა, კონცენტრაციის კონტროლი პრევენციაა, რათა ბაზარზე ახალი დომინანტი კომპანია არ შეიქმნას, ან არ მოხდეს არსებული დომინანტი კომპანიის გაძლიერება და მისი საბაზისო ძალაუფლების გაზრდა.

„ბევრ შემთხვევაში გვაქვს მოცემულობა, რომ კომპანიები ამგვარ კონცენტრაციებს ჩვენთან შეტყობინების გარეშე ახორციელებენ, შემდეგ ხდება მათი დაჯარიმება, საკითხის შემდგომი შესწავლა. ბოლო სამი წლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი განპირობებულია კანონის არასათანადო ცოდნით. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ მსხვილ კომპანიებსა და ასოციაციებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ინფორმაცია მივაწოდოთ, თუმცა მაინც გვაქვს შეუტყობინებლობის შედეგები", - აცხადებს ქედელიძე.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, კონცენტრაცია არის, როდესაც ერთი კომპანია მეორე კომპანიაში წილს ყიდულობს, ან ხდება ერთობლივი საწარმოს დაფუძნება ან ფიზიკური პირი კომპანიაში წილს ყიდულობს, მაშინ როდესაც სხვა კომპანიაში აქვს წილი.

"მთავარი ამოსავალი წერტილია კონტროლის მოპოვება. ანუ შემძენის მიერ სხვა კონტროლის მოპოვება, რომელიც განიმარტება როგორც მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია თავისი შინაარსით არის კონცენტრაცია, თუმცა წინა 3 თვის განმავლობაში 3000 ასეთი ტიპის ტრანზაქცია გვქონდა, საიდანაც ჩვენთან შეტყობინებას, მხოლოდ 3 ექვემდებარებოდა. ჩვენი დაკვირვების ობიექტს მხოლოდ მსხვილი გარიგებები წარმოადგენს. მონაწილე პირების წინა წლის შემოსავლები ერთობლივად 20000 ლარს უნდა აღემატებოდეს და არცერთის არ უნდა იყოს 5 მლნ ლარზე ნაკლები. მომართვა უნდა დაფიქსირდეს მანამ, სანამ ტრანზაქცია განხორციელდება.

თუმცა არსებობს საგამონაკლისო პირობები, როდესაც მხარეები ურთიერთდამოკიდებული კომპანიები არიან, ითვლება, რომ მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებების ნაწილში ისედაც არ იყვნენ დამოუკიდებელი კომპანიები, შესაბამისად, მათ შორის წილების გადაცვლა ან სხვაგვარად ჩამოყალიბება ბაზარზე არსებითი გავლენის მომხდენი არ არის. კიდევ არის ერთი საგამონაკლისო პირობა, კერძოდ თუ კონტროლის მოპოვება ხდება დროებით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომში მისი გასხვისება მოხდება, მხოლოდ დივიდენდის მიღება და უშუალო ჩართულობა არ იქნება ამ კომპანიის მართვაში და თუ არის გაკოტრების საქმის შედეგიც, ამ შემთხვევაშიც საგამონაკლისო პირობა დგება“,- ამბობს სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

მისივე ინფორმაციით, შეტყობინების წარმოშობის ან მისი არ წარმოშობისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა კომპანიები ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედებენ თუ არა. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, მიწოდების ჯაჭვის რომელ დონეზე არიან.

ქედელიძე აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც შეტყობინება დგება, არ არის საფასურის გადახდა სავალდებულო. სააგენტო 10 დღის განმავლობაში სწავლობს, კომპანიის მიერ წარმოებული ტრანზაქცია რამდენად ექვემდებარება კონცენტრაციას, ხომ არ არსებობს საგამონაკლისო პირობები და ა.შ. თუ გარიგება კონკურენციის სააგენტოს განსახილველ თემად ჩაითვლება, გადაეგზავნება მხარეს, რომ შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს, 5000 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, 2024 წელს, GCCA-მ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ დროისათვის 5 კონცენტრაციაზე მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები