აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სანერგე მეურნეობის განვითარებას საქართველოში.
„ვფიქრობ, რომ ამ პროექტს საკმაოდ საინტერესო მომავალი აქვს, მათ შორის, ნერგების ექსპორტის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ პროექტმა “დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ნერგებზე.
გასულ წელს ნერგებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საქართველოში დამზადებული ნერგების რაოდენობას და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული გახდა იმპორტი განეხორციელებინა. გაჩნდა კითხვებიც - რამდენად არის ნერგები სერტიფიცირებული, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და რამდენად პროდუქტიულია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

























