ტურ-ოპერატორი კომპანია GASA-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შენგელია ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე რიგი მიმართულებებით საგზურების გაყიდვები შეჩერებულია. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, გაუქმდა როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურები.
"საომარი მოქმედებების ფონზე, ყველა იმ მიმართულებით, სადაც საჰაერო სივრცე არის დაკეტილი, გაყიდვები შეწყვეტილია. ასევე, შეწყვეტილია ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა საქართველოში. არავინ არ გეგმავს თავის მოგზაურობას შორეულ მომავალშიც კი. ძალიან ბევრი ჯგუფი გაგვიუქმდა წამსვლელიც და ჩამომსვლელიც.
ტენდენცია კი ისეთი იყო, რომ ეს მიმართულებები საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მოსწონდათ და აქტიურად მოგზაურობდნენ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ყატარშიც, შრი-ლანკაშიც, მალდივებსა და ტაილანდშიც.
ჩამომსვლელს რაც შეეხება, აბსოლუტურად ყველაფერი გაუქმდა ისრაელიდან, ასევე, ემირატებიდან, ირანიდან. დიდი ჯგუფები, კონფერენციები, რამე თუ იყო უახლოეს მომავალში, აპრილის ჩათვლით, აბსოლუტურად ყველაფერი გაგვიუქმდა. ასეთი მდგომარეობაა ჯერჯერობით. ეს ყოველთვის ასეა, როდესაც მსგავსი სიტუაციაა",- ამბობს გიორგი შენგელია.
ის იმედოვნებს, რომ ტურისტული ნაკადების აღდგენა მალე მოხერხდება.
"მჯერა, რომ ძალიან მალე მოხდება აღდგენა და გვჯერა იმის, რომ ეს ყველაფერი დასრულდება და რა ვიცი, ჩვენი რეგიონი უფრო მშვიდობიანი და უფრო წარმატებული იქნება. შესაბამისად, ეს უნდა გადავიტანოთ რა და ჩვენი სექტორი ძალიან ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ჩვენს სააგენტოებთან, ჩვენს მომწოდებლებთან, ავიაკომპანიებთან და ერთმანეთთან უწყვეტი კოორდინაციით და ერთმანეთთან საუბრებით ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გავიაროთ ეს პერიოდი",- აღნიშნავს გიორგი შენგელია.




























