მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბევრი კომპანია უსამართლოდ დაჯარიმდა“ - რა ხარვეზებია საპენსიო შენატანების დეკლარირების ახალ წესში?

დავით პაპიაშვილი

საპენსიო შენატანების დეკლარირების ახალ წესზე გადასვლის პროცესი გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს და არაერთი კომპანია უსამართლოდ დაჯარიმდა - ამის შესახებ აუდიტორულ კომპანია Kreston Georgia-ში აცხადებენ.

როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დეკლარირების პროცესში გარკვეული პროგრამული ხარვეზებიც ფიქსირდებოდა და ათასზე მეტმა კომპანიამ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ხუთას ლარიანი ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა.

დავით პაპიაშვილის თქმით, არის შემთხვევებიც, როდესაც საპენსიო ფონდმა დაკისრებული ჯარიმა კომპანიებს თავად მოუხსნა.

“თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ამ რეფორმას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საპენსიო რეფორმის დაწყებიდან ვითხოვდით. თუმცა, გარკვეული ხარვეზებით წარიმართა ეს პროცესი. ჩემი აზრით, ცოტა მოგვიანებით მოხდა

კომუნიკაცია გადამხდელებთან. როდესაც ბარდება საშემოსავლოს დეკლარაცია, 15-ში, იქ მოეთხოვებოდათ კომპანიებს, რომ ეს [საპენსიო შენატანების] 4%-ის თანხა ჰქონოდათ ბალანსზე. რიგ შემთხვევაში, თვითონ პროგრამას გააჩნდა ხარვეზი და ამ 4%-ს არასწორად აჩვენებდა სისტემა. ასევე სხვა ტიპის ხარვეზებიც იყო და სამწუხაროდ, ბევრი გადამხდელი უსამართლოდ დაჯარიმდა, 500-ლარიან ჯარიმაზეა საუბარი.

ზოგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადამხდელების ბრალიც იყო ეს, მაგრამ რიგ შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს ბრალეულობაც იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო სააგენტომ ჯარიმების ნაწილი თვითონვე გააუქმა, სადაც აშკარად მათი მხრიდან არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი. ძალიან ბევრი კომპანია ვიცი, ვისაც არ მოუხსნეს ეს ჯარიმა და მათ სასამართლოს მიმართეს”, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 მაისიდან საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა გაერთიანდა. საპენსიო ფონდს კი დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიების დაჯარიმების უფლება მიენიჭა. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც დეკლარაციის დაზუსტებაზე ჯარიმა არ ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები